გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება საერთო პასუხისმგებლობაა, რომლის განხორციელებაშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კერძო სექტორის, საზოგადოებისა და ახალგაზრდების თანამშრომლობას. სწორედ ამ იდეას ემსახურებოდა Wasteless-ის მიერ განხორციელებული კამპანია „ეკომეგობრული კახეთი 2026“, რომელმაც კახეთის მასშტაბით გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ელექტრონარჩენების სწორი მართვის კულტურის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. პროექტი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.
ორი თვის განმავლობაში კამპანია კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის 35 საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ჯერ გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ინტერაქტიურ შეხვედრებს დაესწრნენ, შემდეგ კი მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გადაიტანეს და ელექტრონარჩენების შეგროვების პროცესში აქტიურად ჩაერთნენ.
ინიციატივამ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო - მოსწავლეებმა საერთო ჯამში 47 205 კილოგრამი ელექტრონარჩენი შეაგროვეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორი ინფორმირება და ახალგაზრდების ჩართულობა რეალურ გარემოსდაცვით ცვლილებებს ქმნის.
კამპანიის ფარგლებში ყველაზე მეტი ელექტრონარჩენი ლაგოდეხის №1, სოფელ აფენის №1 და სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლებმა შეაგროვეს. გამარჯვებული სკოლებისთვის გადაცემული ფულადი პრიზები ეკოინიციატივებისა და გარემოს გაუმჯობესების პროექტების განხორციელებას მოხმარდება.
კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ახალგაზრდების შემოქმედებითი ჩართულობაც - TikTok კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე 60-მდე ვიდეო შექმნეს და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის შესახებ გზავნილები საკუთარ თანატოლებს გაუზიარეს.
კამპანიის წარმატებულმა შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მსგავსი ინიციატივები ერთჯერად აქტივობას არ უნდა წარმოადგენდეს. სწორედ ამიტომ, Wasteless-ის ინიციატივით, პროექტი ეტაპობრივად საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება, რაც ქვეყანაში ელექტრონარჩენების მართვის კულტურის გაძლიერებასა და ევროპული პრაქტიკის დანერგვას შეუწყობს ხელს.
საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ისეთი პარტნიორული პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც გარემოზე ზრუნვის პარალელურად ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისა და საზოგადოების განვითარებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს.




























