მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Water Gudauri - ქართულ ბაზარზე ახალი მინერალური წყალი შემოდის

5f129a36577ff
ვიქტორია მღებრიშვილი
18.07.20 18:40
5960
მინერალური წყლის საწარმო, რომელიც სოფელ ნატახტარში 2017 წელს 3 მლნ ლარის ინვესტიციით ამოქმედდა, მინერალური წყლით როგორც ადგილობრივ ბაზარს მოამარაგებს, ისე ექსპორტზეც გაიტანს.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას კომპანია „ვოთერ ლენდის“ მარკეტინგის მენეჯერი ნანა გოგუაძე აცხადებს, მინერალური წყლის რეალიზაცია თავდაპირველად მხოლოდ საექსპორტო ბაზარზე იგეგმებოდა, თუმცა სოციალურ ქსელში ქართველი მომხმარებლის მხრიდან დიდი ინტერესის შემდეგ, ახალი პროდუქტი სატესტო რეჟიმში ადგილობრივ სუპერმარკეტებშიც გამოჩნდა.

„ვაწარმოებთ სხვადასხვა ზომის ბოთლებში, ბუნებრივი მინერალიზაციის წყალს. საწარმოს ასამოქმედებლად 3 მლნ ლარის კერძო ინვესტიცია განხორციელდა და აქტიური წარმოება გასული წლიდან დავიწყეთ. წლიური საწარმოო გეგმა 12 მლნ ბოთლია.

თავდაპირველად აქცენტს ექსპორტის მიმართულებით ვაკეთებდით, რადგან ადგილობრივ ბაზარზე მინერალური წყლების სეგმენტი კარგად არის ათვისებული, თუმცა სოციალურ ქსელებში ქართველების მხრიდან წამოსულმა ინტერესმა გვიბიძგა, რომ ჩვენი პროდუქტი რამდენიმე სუპერმარკეტში სატესტოდ შეგვეტანა. დაახლოებით ერთი თვეა რაც მომხმარებელს „წყალი გუდაურის“ ყიდვა გუდვილისა და სმარტის სუპერმარკეტებში შეუძლიათ. ვფიქრობთ, რომ ტესტირების რეჟიმი 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორი იქნება მოთხოვნა, ხოლო უკვე შემდეგ სხვა რითეილერებთანაც დავიწყებთ მოლაპარაკებებს“, - განაცხადა გოგუაძემ.

კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე შემოსვლის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი პანდემია გახდა, ვინაიდან ამ პერიოდში ექსპორტი შეუჩერდათ და წარმოებაც შენელდა.

„კოროვირუსის პანდემიამ თავისი გავლენა იქონია ჩვენს წარმოებაზე, გეგმით გათვალისწინებული გვქონდა, რომ თვეში 1 მლნ ბოთლი უნდა გვეწარმოებინა, თუმცა 600 000 ბოთლი იწარმოება.

პანდემიის პერიოდში გარკვეული პერიოდი სრულად გაჩერება მოგვიწია, სწორედ ამიტომ დავიწყეთ ნელ-ნელა ქართულ ბაზარზე შემოსვლა, თუმცა ახლა როდესაც აღდგა მოლაპარაკებები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ვფიქრობთ, რომ წარმოება და პროცესები გეგმიურად წარიმართება“, - ამბობს კომპანიის „ვოთერ ლენდის“ მარკეტინგის მენეჯერი.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობამ კომპანიის გეგმები მცირედით შეცვალა.

„პანდემიამდე კომპანიაში 35 ადამიანი იყო დასაქმებული. ვგეგმავდით, რომ აპრილში დასაქმებულთან რაოდენობა 50-მდე გაგვეზარდა, მაგრამ პანდემიის გამო პროცესი შეფერხდა.

გეგმაში წარმოების გაფართოება გვაქვს. საწარმოს გაფართოების, ლიმონათისა და გაზიანი წყლების წარმოების განსავითარებლად ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არაბ ინვესტორებთან მიმდინარეობს და ეს განვითარება უცხოური ინვესტიციებით იქნება ხელშეწყობილი“, - განაცხადა ნანა გოგუაძემ.

კომპანიაში ინვესტიციის მოცულობაზე და წარმადობის ზრდის მაჩვენებელს ვერ აკონკრეტებენ, თუმცა ამბობენ, რომ სატესტო წარმოება უკვე განხორციელებულია და „ვოთერ ლენდის“ წარმოების ლიმონათი და დაგაზიანებული მინერალური წყალი ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე გავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები