დღეს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) გადაცემის ცერემონია გაიმართა, რომელზეც 2021 წლის გამარჯვებული კომპანიები გამოცხადდა.
აღნიშნული ჯილდო ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის მიერ საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან პარტნიორობით სამი წლის წინ შეიქმნა. BARTA 2021-ის დაჯილდოების ცერემონია კი გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში გაიმართა.
საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს ორგანიზატორები განმარტავენ, რომ არასაფინანსო ანგარიშგებისთვის დაწესებულ ჯილდოსთან ერთად წლევანდელი BARTA ეხმაურება მდგრადი განვითარების ანგარიშგების შემუშავებას და აწესებს ახალ ჯილდოს - მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის, თავისი ეტაპობრივი ევოლუციის და გლობალური ტენდენციების აღნიშვნის მიზნით. წელს თითოეულ კატეგორიას, კერძოდ, მსხვილი საფინანსო ინსტიტუტების, მსხვილი არასაფინანსო ორგანიზაციების და მცირე და საშუალო კომპანიების კატეგორიებს საპატიო ჯილდოებიც დაემატა.
აღსანიშნია, რომ დაჯილდოების წლევანდელ ცერემონიაზე წარმოდგენილი იყო 18 ნომინანტი კომპანია. გამარჯვებულები კომპეტენტურმა საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა. შერჩევის პროცესი მტკიცე მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩატარდა, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად ხაზი გაუსვა არასაფინანსო ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობას ისეთი არამატერიალური აქტივების შესახებ, როგორებიცაა ბრენდი, რეპუტაცია მომხმარებელთა შორის, „ნოუ-ჰაუ“ და კეთილი ნება, რომლებიც კორპორაციულ ღირებულებას ქმნის.
შედეგად წელს გამოცხადებულ 7 ნომინაციაში გამარჯვებული კომპანიები არიან:
• გამარჯვებული მსხვილი საფინანსო კომპანია - ს.ს. “საქართველოს ბანკი”
• საპატიო ჯილდო მსხვილი საფინანსო კომპანიისთვის - ს.ს. მიკრო საფინანსო ორგანიზაცია (მსო) „კრისტალი“
• გამარჯვებული მსხვილი არასაფინანსო კომპანია (500 ან მეტი დასაქმებული) - ს.ს. „თელასი“
• საპატიო ჯილდო მსხვილი არასაფინანსო კომპანიისთვის (500 ან მეტი დასაქმებული) - ს.ს. „სილქნეტი“
• გამარჯვებული მცირე და საშუალო კომპანია (500 -ზე ნაკლები დასაქმებული) - ს.ს. „თიბისი ლიზინგი“
• საპატიო ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიისთვის (500 -ზე ნაკლები დასაქმებული) - ს.ს. მიკრო საფინანსო ორგანიზაცია (მსო) „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“
• მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიში - ს.ს. „თიბისი ბანკი“
„ევროკავშირი მოხარულია, რომ საქართველოში „სანდო კომპანიების“ ოჯახი იზრდება. რადგან ახლებული მიდგომა მდგრად განვითარებაზე მეტი აქცენტის გადატანას გულისხომბს, იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი კომპანია შეძლებს უკეთესი ანგარიშების წარდგენას და უფრო სანდო ინფორმაციის მოიპოვებს მდგრადობის შესახებ – იგულისხმება კომპანიის გავლენა როგორც ადამიანებზე, ისე გარემოზე; ასევე, შეაფასებს კომპანიების წინაშე არსებულ რისკებს და კლიმატთან დაკავშირებულ რისკებს. ყველა ეს საკითხი სასარგებლოა როგორც ბიზნესისა და ინვესტორებისთვის, ისე საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის“, - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა სიგრიდ ბრეტელმა.
„კომპანიების გამჭვირვალობა და ხარისხიანი ანგარიშგება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან საფუძვლად რჩება, და წარმოადგენს საქართველოს მიმდინარე რეფორმების განუყოფელ ნაწილს, რაც მიმართულია ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ. განსაკუთრებით მიხარია, რომ BARTA ფართოვდება და ვითარდება საფინანსო და არასაფინანსო ანგარიშგების სფეროში გლობალური ტენდენციებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. გამჭვირვალობის შემდგომი ამაღლება და სამეწარმეო გარემოს გაძლიერება საქართველოს დაეხმარება, რომ კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.
“მდგრად ეკონომიკაზე გადასვლა ქართული კომპანიებისგან არა მარტო ანგარიშგების არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას მოითხოვს, რომლებიც 2016 წელს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის მიღებით მნიშვნელოვნად გაძლიერდა, არამედ ასევე ითვალისწინებს ევროკავშირის და გლობალური საუკეთესო ანგარიშგების ტენდენციებს. BARTA ხელს უწყობს ამას და აჯილდოებს სანიმუშო ანგარიშგების პრაქტიკის მქონე საწარმოებს“, -აღნიშნა ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (RSF) აღმასრულებელმა თავმჯდომარემ გიორგი თაბუაშვილმა.
უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელი კონკურსი ღია იყო საჯარო დაინტერესების მქონე ყველა პირისთვის (სდპ), რომელთა შორისაა A და B სალისტინგო კატეგორიების ყველა კომპანია, სავაჭროდ დაშვებული კომპანიები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და ა.შ.
ღონისძიებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე – https://barta.ge/. დამატებითი ინფორმაციისთვის საქართველოში მსოფლიო ბანკის საქმიანობის შესახებ გადადით ბმულზე: http://www.worldbank.org/ge; შემოგვიერთდით Facebook -ზე: https://www.facebook.com/WorldBankEuropeCentralAsia
ცნობისთვის: BARTA -ს გადაცემის პირველი ცერემონია 2019 წლის დეკემბერში ქართული კომპანიების კორპორაციული ანგარიშგების გამჭვირვალობის ხარისხის მიმართულებით არსებულ გამოწვევაზე რეაგირების ერთობლივი ძალისხმევის ფარგლებში ჩატარდა. 2016 წელს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ, აღნიშნული წლიური ჯილდოს მიზანია ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის ხელშეწყობა, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის წახალისება და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის ამაღლება ქვეყნის მიერ ინვესტორთა ნდობის ზრდის პროცესში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.