მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წელს 4/5-ვარსკვლავიან სასტუმროებში ფასები შემცირდა“ - მაია მურაჩაშვილი

64b7ef6f2aeea
სალომე ხიდურელი
22.07.23 22:30
773
სასტუმროების ფედერაციის თანახმად, საქართველოში წელს სასტუმროების დატვირთულობა, გასულ წელთან შედარებით, 15%-ით არის შემცირებული, 2015-16 წლებთან შედარებით კი, მათი შემოსავლების 70%-იანი კლება ფიქსირდება. იმას, რომ ქვეყანაში შემოსული ტურისტებისგან მოთხოვნა ბიუჯეტურ განთავსების ობიექტებზეა, BMG-ს გადაცემა „საქმიანი დილას“ ეთერში ჰოტერილიერი მაია მურაჩაშვილიც ადასტურებს.

„წელს ყოველდღიური შეწონილი ფასის კლება ნამდვილად არის დაფიქსირებული, ეს ძირითადად გამოწვეული იმით, რომ წელსაც, ისევე როგორც შარშან, უფრო ბიუჯეტური ტურისტები შემოდიან. სამწუხაროდ, მაღალმხარჯველობით უნარიანი ტურისტების ევროპისა და ამერიკის ბაზრიდან შემოსვლა ძალიან შემცირდა. ტურისტული სააგენტოებიც გვიდასტურებენ, რომ ისინი სასტუმროებზე ძალიან დაბალ ფასებს ითხოვენ.

ტურიზმის ადმინისტრაციის სტატისტიკიდან როგორც დავინახეთ, ტურისტების რაოდენობით პირველ ადგილზე თურქეთია, მეორეზე რუსეთი და მესამეზე - სომხეთი. აქედან ერთი ქვეყნიდან მიგრანტები გვყავს, მეზობელი ქვეყნებიდან კი ძირითადად საქმიანი ვიზიტორები არიან, რომლებიც, შესაძლოა, მხოლოდ ერთი ღამით შემოდიოდნენ - ისინი ტურისტები არ არიან“, - ამბობს მურაჩაშვილი.

მისი თქმით, იმის გამო, რომ ქვეყანაში მეორე კვარტალში შემოსული 1,6 მილიონი ტურისტიდან თითქმის მილიონი მეზობელი ქვეყნებიდანაა, სასტუმროები ცუდ შედეგებზე გადიან და მათი ფასებიც იკლებს.

„წელს, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასის კლება, გარკვეულ პერიოდებზე, გაცილებით მეტია, ვიდრე ეს წინა წელს იყო. რაც შეეხება 4-ვარსკვლავიან სასტუმროებს, შარშან გაცილებით კარგი მდგომარეობა იყო, გაცილებით მაღალ ფასად იყიდებოდა. ამ პერიოდში შარშან, გუდაურში, მიუხედავად არასეზონისა, დატვირთულობა მაღალი იყო და ფასიც გაცილებით მეტი - ვიდრე ახლა. ახლა მოგზაურები ფიზიკურად არ არიან“, - ამბობს ჰოტელიერი.

მაია მურაჩაშვილი სასტუმროებს თბილისში, ქუთაისსა და გუდაურში მართავს. მისი განმარტებით, მიუხედავად მათი დატვირთულობის შემცირებისა, ნავარაუდებია, რომ მომდევნო თვეებში ჯავშნების რაოდენობა გაიზრდება.

„რეალობა ესაა, წინასწარი ჯავშნები ძალიან ცოტაა და უკვე მეორე წელია, ბოლო მომენტის ჯავშნებით გავდივართ. მოლოდინები ასეთია, თბილისში აგვისტო-სექტემბერში ჯავშნების მატებას ველოდებით. ქუთაისში, რადგან სასტუმრო ახალგახსნილია, ცოტა გაურკვეველია, მაგრამ მატებას აქაც ველოდებით. ყველა შემთხვევაში, ეს უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე შარშან - მათ შორის გუდაურშიც“, - ამბობს მურაჩაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები