მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წელს ერთ-ერთი ყველაზე ანომალიური პერიოდი იყო" - ერეკლე კოკაია ზამთრის საკურორტო სეზონის შედეგებზე

642adbce43abb
თათია ჩაფიჩაძე
04.04.23 09:31
861
საქართველოში, ზამთრის საკურორტო სეზონი დასრულებულია და ბიზნესის დიდი ნაწილის შეფასებით, არც ისე სახარბიელო შედეგებით. წლის მთავარი მოლოდინები ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდებოდა, თუმცა უამინდობის გამო, სასტუმროების მფლობელები როგორც ბაკურიანის, ისე გუდაურისა და სვანეთის მიმართულებით ამბობენ, რომ სეზონის შედეგები მოლოდინებზე დაბალი იყო.

„ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის ერეკლე კოკაიას თქმით, დატვირთულობა 80-დან 100%-მდე მხოლოდ თებერვალში იყო.

„წელს იყო ერთ-ერთი ყველაზე ანომალიური პერიოდი, არ გვახსოვს როდის იყო ისე, რომ მთელი იანვარი თოვლი არ მოსულიყო კავკასიონზე და ისეთ სამთო-სათხილამურო კურორტებზე, როგორიც არის ბაკურიანი და გუდაური. ერთადერთი, რამაც იანვარი გადაარჩინა, იყო ახალი წელი, პირველი კვირა ყოველთვის მაღალი დატვირთულობით გამოირჩევა ადგილობრივების ხარჯზე, რადგან ისინი ჩამოდიან ახალი წლის აღსანიშნად და არა სასრიალოდ.

თოვლის მოსვლის და ჩემპიონატის ჩატარებამ ბაკურიანში გამოიწვია ის, რომ ამდენი უცხოელი ვიზიტორი ჰყავდა კურორტს. იმედი მოგვეცა, რომ ბაკურიანი გახდება მსოფლიოში სამთო-სათხილამურო კურორტი და მომავალშიც ბევრ უცხოელ დამსვენებელს მოიზიდავს. იანვარში დაკავებულობა 60%-მდე დავიდა, თუმცა მოლოდინი იყო 80%-იანი დატვირთულობა. ამ შედეგს მივაღწიეთ თებერვალში, როცა 80%-ს მივაღწიეთ და ხშირად 100%-იანიც იყო, განსაკუთრებით ბაკურიანში. როგორც კი სეზონი დამთავრდა და ამინდებიც უკან წამოვიდა, მარტის მეორე ნახევრიდან დატვირთულობა ისევ 60%-ზე ჩამოვიდა. რაც შეეხება ფასებს, შარშანდელთან შედარებით გაზრდილია დაახლოებით 20-30%-ით, მეტია 2019 წლის ღირებულებაზეც რისი მიზეზიც არის თვითღირებულება და მოთხოვნა. საშუალო ფასი 300-დან 500 ლარამდე იყო“ - განაცხადა კოკაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები