მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს განსაკუთრებულად დიდი დაინტერესება იყო საქართველოზე – „Tripzy“ ATM Dubai-ის შედეგებზე

6454db146b587
სალომე ხიდურელი
08.05.23 09:00
518
1-4 მაისს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა ATM Dubai 2023 გაიმართა, სადაც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 52 კომპანიასთან ერთად მონაწილეობდა.

გამოფენის შედეგებზე სასაუბროდ BM.GE ტურისტული სააგენტო Tripzy-ს დამფუძნებელ თამარ ჩხიკვაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, გამოფენაზე საქართველოთი ძირითადად ე.წ გალფის ქვეყნების წარმომადგენლები დაინტერესდნენ.

„საკმაოდ მრავალფეროვანი გამოფენა იყო, რომელშიც ძალიან ბევრი კომპანია იღებდა მონაწილეობას და ბევრი ახალი პარტნიორი შევიძინეთ, რომლებთანაც ვფიქრობთ, ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ.

დღეს დილით დავბრუნდით საქართველოში და უკვე, დღის განმავლობაში, უამრავი წერილი შემოვიდა კომპანიებისგან. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ძალიან წარმატებული სეზონი გველის, შემოდინება ძალიან მაღალი იქნება. ძირითადი მოთხოვნა ჯგუფურ ტურებზეა, მაღალი სეგმენტისგან. ხანგრძლივ, ერთ კვირიან, 10 დღიან ტურებზე. განსაკუთრებული მოთხოვნაა მთიან რეგიონებზე, გამომდინარე იქიდან, რომ ძირითადად, გალფის ქვეყნებიდან იყვნენ წარმომადგენლები. ითხოვენ ტურებს თბილისზე, ყაზბეგსა და გარშემო ტერიტორიებზე“, - აღნიშნავს Tripzy-ს დამფუძნებელი.

თამარ ჩხიკვაძის განმარტებითვე, კომპანია გალფის ქვეყნების გარდა, ტურისტული კომპანია ევროპის ქვეყნებთანაც ითანამშრომლებს.

„წელს განსაკუთრებულად დიდი დაინტერესება იყო საქართველოზე, 4 დღე არ წყდებოდა ნაკადი, გასაუბრებები... ამხელა დაინტერესებას არ ველოდით, განსაკუთრებით ევროპელების მხრიდან. გერმანელებმა, იტალიელებმა პირადი შეხვედრებიც დაგვინიშნეს და სამომავლოდაც ბევრი რამ დავგეგმეთ. ჩვენი პარტნიორები გამოგვიგზავნიან საქართველოში ტურისტებს, ჩვენ მათ დავხვდებით და მომსახურებას გავუწევთ“, - ამბობს ის. 

რაც შეეხება საქართველოს მზაობას დახვდეს გაზრდილ ტურისტულ ნაკადს, ტურისტული სააგენტოს დამფუძნებლის თქმით, მიუხედავად მცირე ხარვეზებისა, ქვეყანა უცხოელი ვიზიტორებისთვის მზადაა.

„რეისები ემატება, როგორც დუბაის, ასევე ევროპის მიმართულებით. სასტუმროებიც მზად არიან, დახვდნენ სტუმრებს. სერვისის სექტორში ვნახოთ.. ძირითადად, სადაც ჩვენ დაგვყავს სტუმრები, ყველგან კარგ სერვისს ვიღებთ. არის პატარ-პატარა ხარვეზები, თუმცა ვცდილობთ გავცვალოთ ინფორმაცია და შეცდომები გამოვასწოროთ. ვფიქრობთ, ეტაპობრივად უფრო გავიზრდებით“, - ამბობს Tripzy-ს დამფუძნებელი.

ტურისტული სააგენტო Tripzy ადგილობრივ ბაზარზე გასულ წელს ამოქმედდა. როგორც მისი დამფუძნებელი BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, ATM DUBAI კომპანიისათვის პირველი საერთაშორისო გამოფენა იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები