ქალაქში რესტორნების, ბარებისა თუ კლუბების მხრიდან წარმოქნილი ხმაურის დასაშვები ნორმების დარღვევაზე მიდგომების გამკაცრება მუნიციპალიურ ინსპექციას 21 ივნისს თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე დაავალა. თუმცა როგორც დღეს გამართული მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ თქვა, როგორც აღმოჩნდა, ჯარიმები ბიზნესისთვის საკმარისად მტკივნეული არ არის და უნდა გამკაცრდეს.
რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ მოსახლეობის უფლებები არ უნდა ირღვეოდეს, თუმცა პროცესში არც ბიზნესის შევიწროება უნდა ხდებოდეს. მისი თქმით, საქართველოში ხმაურის კონტროლზე შემოღებული რეგულაციები ქვეყნის რეალობას აცდენილია. ბურჯანაძე აცხადებს, რომ ბიზნესის დაჯარიმება შერჩევითი პრინციპით ხდება, რადგან რეალურად დასაშვებ დეციბალებს მუნიციპალური ინსპექცია ვერ ითვლის. შესაბამისად, ვერ არკვევს ბიზნესი ნამდვილად არღვევს კანონს თუ ვერ.
მუნიციპალური ინსპექციის აკუსტიკური ხმაურის კონტროლის განყოფილების უფროსის, შოთა ტუხარელის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, ამ წელს გამოწერილია 360-მდე საჯარიმო ოქმი.
bm.ge-ის კითხვაზე, როგორ ხდება დარღვევის დაფიქსირება, ტუხარელი განმარტავს: „ცხელი ზარის საშუალებით მოგვეწოდება ინფორმაცია, დამრღვევ ობიექტთან დაკავშირებით. ჯგუფი გადის ადგილზე, აუცილებლად დახურულ სივრცეში, საცხოვრებელ ფართში ხდება ხმაურის გაზომვა, შესაბამისი ხელსაწყოებით. ფასდება გენერირებული ხმა, შემდეგ მივდივართ დამრღვევთან, რომ გავიგოთ, რა არის ფონური ხმა, და შედარების მეშვეობით ვახდენთ საჯარიმო სანქციების გამოწერას“.