მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წერტი“ რძის საწარმოს ხსნის

5ffa9e0661df9
ვიქტორია მღებრიშვილი
10.01.21 21:15
3920
სოფლის მეურნეობის პროდუქტების სარეალიზაციო მაღაზია „წერტი“, რომელიც თბილისში 2 ლოკაციაზეა განთავსებული და სარეალიზაციო და საწარმოო სივრცეს მართავს, 15 იანვრიდან, თბილისში ყაზბეგის გამზირზე გახსნილ ახალ ფილიალში რძის საწარმოს გახსნის.

კომპანიის დამფუძნებელი ბიძინა გონაშვილი BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ რძის გადამამუშავებელი საწარმოს ამოქმედებას დიდი ხანია გეგმავენ და ამ იდეის განსხვავებული გადაწყვეტაც მოიფიქრეს.

„თავიდან იყო იდეა, რომ რძის გადამამუშავებელი საწარმო კახეთში აგვემოქმედებინა, თუმცა ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ თბილისში ორიგინალური და განსხვავებული წარმოება დაგვეწყო, რაც იმაში მდგომარეობს, რომ „წერტიში“ შემოსული მომხმარებელი პირდაპრი ხედავს რძის პროდუქტები როგორ იწარმოება. რძის საწარმო ოფიციალურად 15 იანვრიდან ამოქმედდება“, - განაცხადა „წერტის“ დამფუძნებელმა.

მისი თქმით, საწარმოს მოწყობაში დაახლოებით 200 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო, რაც „წერტის“ ახალი ფილიალის სრულ ინვესტიციაში შედის. საწარმოს წარმადობა 8 საათში 1.5 ტონა რძეა, რაც 16 საათში 3 ტონას შეესაბამება.
 
„ვფიქრობთ, საკმაოდ მოცულობითი წარმოება გვექნება. წარმადობა კი მოთხოვნის მიხედვით გაიზრდება.

სოფლის მეურნეობის დარგში მოქმედი ჩვენი კომპანია „აგროქიზიყი“ მერძეული ფერმერებისთვის კომბინირებულ საკვებს ამზადებს. შესაბამისად ჩვენი პარტნიორი კახელი ფერმერებიდან წამოვიღებთ ნედლს რძეს და ადგილზე რძის პროდუქტებს: ყველს - იმერულს და სულგუნს, მაწონს, კარაქს და ხაჭოს ვაწარმოებთ“, - უთხრა BM.GE-ის ბიძინა გონაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „წერტის“ პირველი ფილიალი ხორცპროდუქტებს და ნახევარფაბრიკატებს ამზადებს, ხოლო მეორე რძის პროდუქტების წარმოებას დაიწყებს.

„ჩვენი სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები „წერტის“ ორივე ფილიალში იქნება წარმოდგენილი“, - თქვა გონაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები