დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში Covid-19-ის გავრცელების კლასტერული შემთხვევების ტენდენცია ისევ გამოჩნდა, რაც ვირუსის ინტენსიური გავრცელების დასაწყისია.
როგორც NCDC-ის ხელმძღვანელმა ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ განმარტა, დღევანდელი ეპიდსიტუაცია მას სექტემბერ-ოქტომბერში არსებულ მდგომარეობას აგონებს.
„კორონავირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია. ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირეთ ინცინდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, მაგრამ გუშინწინ ჩვენ გადავცდით ინფიცირების 600-იან ზღვარს, რომელიც თებერვლის დასაწყისიდან არ გვქონია. გამოჩნდა კლასტერული შემთხვევების ტენდენცია, რომელიც პირველი ნიშანია, რომ განგაშის ზარს შემოვკრათ. ასეთი კლასტერული მცირე აფეთქებები გვაქვს "აჭარა ტექსტილში", კასპის რაიონში, ცაგერში, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, რომელსაც სწრაფად ევლება და ხდება მათი იზოლირება, კონტაქტირებულების თვითიზოლაციაში გადაყვანა, მაგრამ აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა.
მოვეშვით და რაიონებში იმართება ისევ და ისევ დიდი თავყრილობები - ქორწილები, ჭირის სუფრები და ეს არის ინფექციის გავრცელების მთავარი რისკ ფაქტორი“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.
NCDC-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ იმ ადგილებში სადაც კლასტერული აფეთქებებია, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.
„წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება, იგივე იმ სოფლებში, რომლებიც დაგისახელეთ ჭიათურის რაიონის ერთი სოფელი, ითხვისის მაღაროებთან დაკავშირებული სოფლების ჯგუფი, აჭარაში და "აჭარა ტექსტილის" საწარმოში, სადაც 1 000 ადამიანი მუშაობს შემთხვევების რაოდენობა 88-მდეა. წერტილოვანი შეზღუდვები აქ ყველგან იგეგმება“, - განაცხადა გამყრელიძემ.




























