ქუთაისში რამდენიმე კვირის წინ გახსნილი სასტუმრო West Inn Georgia სპეციალურ მომსახურებას სთავაზობს მათ, ვისაც ქუთაისიდან ფრენა აქვს დაგეგმილი. ახალი სერვისის შესახებ სასტუმროს მენეჯერმა მაიკო მურაჩაშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა.
მისი თქმით, მოქალაქეებს, რომლებიც ქუთაისის აეროპორტიდან ნებისმიერი მიმართულებით მიფრინავენ, ხშირად ქუთაისამდე მგზავრობა დისკომფორტს უქმნით, რის გამოც სასტუმრო მათ ამგვარ გადაწყვეტას სთავაზობს: West Inn Georgia - ში გაფრენამდე განთავსების შემთხვევაში დამატებით სერვისად სტუმრებს მათივე მანქანით აეროპორტამდე მიყვანას და შემდეგ სასტუმროს ავტოსადგომზე ერთიდან 10 დღემდე ავტომობილის უსაფრთხო განთავსება.
მაიკო მურაჩაშვილის თქმით, ეს მოქალაქეებისთვის არამხოლოდ კომფორტული, არამედ ქუთაისამდე მგზავრობის ბიუჯეტური გზაც არის.
„ვისაც ქუთაისიდან აქვს ფრენა, ჩვენ შემდეგ შეთავაზებას ვუკეთებთ, თუ გაფრენამდე ერთ ღამისთევას ჩვენთან დაჯავშნიან, ჩვენ ფრენის დროისთვის მათი საკუთარი მანქანით აეროპორტამდე მივიყვანთ და ავტომობილს მათი არ ყოფნის პერიოდში სასტუმროს უსაფრთხო ავტოსადგომზე უფასოდ გავაჩერებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მსურველები ქუთაისში ფრენამდე ჩვენს სასტუმროში განთავსებას და განტვირთვას შეძლებენ და არც ავტობუსით მოუწევთ წვალება. ეს პრობლემა ბევრს აქვს. მანქანებს ტოვებენ და ავტობუსით ღამის მგზავრობის შემთხვევაში ჭიათურის შემოვლითი გზით მოდიან. ჩვენ მაგ პრობლემას მოვუხსნით. ჩვენი წარმომადგენელი გაჰყვება მათ აეროპორტში, მათივე მანქანით მიაცილებს და შემდეგ 1-დან 10 დღემდე მანქანა ჩვენს ავტოსადგომზე იქნება გავაჩერებთ. ამ შეთავაზებით სარგებლობა მსურველებს მხოლოდ სასტუმროს ადმინისტრაციასთან დაკავშირებით და წინასწარი დაჯავშნის შემთხვევაში შეუძლიათ. ორ ადამიანზე განთავსების ღირებულება 290 ლარია, რაც საუზმეს და აუზით სარგებლობასაც მოიცავს“, - განმარტავს მაიკო მურაჩაშვილი.
ახლად გახსნილი სასტუმრო 48 ნომერს, საკონფერენციო სივრცეს და საცურაო აუზს აერთიანებს. სასტუმროს მენეჯერის თქმით, დღეს ობიექტი 45%-იანი დატვირთვით მუშაობს, რაც 5-6-კვირიანი ოპერირების პირობებში საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.