მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წევრი ქვეყნების დასახმარებლად ADB-მ გასულ წელს $20.5 მილიარდი გამოყო

6446269c12473
მარიამ ვარადაშვილი
24.04.23 10:55
492
აზიის განვითარების ბანკმა [ADB] საკუთარი რესურსებიდან 2022 წელს 20.5 მილიარდი დოლარი გამოჰყო აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის დასახმარებლად, რომელიც ახალი ეკონომიკური წინაღობებისა და კრიზისების ფონზე განაგრძობდა Covid-19-ის უარყოფით შედეგებთან გამკლავებას.

ბანკის ფინანსური და ოპერაციული შედეგები დღეს ADB-ის 2022 წლის ანგარიშში გამოქვეყნდა. ანგარიშში შეჯამებულია ბანკის მიერ ფინანსებისა და ცოდნის კომბინირებითა და თანამშრომლობის გაძლიერებით გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც რეგიონის ქვეყნებს რუსეთის უკრაინაში შეჭრით, გაუარესებული სურსათის კრიზითა და ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეული ეკონომიკური შოკების დაძლევაში დაეხმარა.

“2022 წელს ჩვენმა დახმარებამ განვითარებად წევრ ქვეყნებს კრიზისების პირდაპირი ზემოქმედების დაძლევაში შეუწყო ხელი და ხანგრძლივ ვადაში გააძლიერა მათი მედეგობა ისეთ კრიტიკულ საკითხებში, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და სურსათით უზრუნველყოფა,“- განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ.

$20.5 მილიარდი მოიცავს სესხებს, გარანტიებს, გრანტებს, სააქციო კაპიტალში ინვესტირებასა და ტექნიკურ დახმარებებს, რომლებიც მთავრობებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს გაეწია. ADB-მ დამატებით $11.4 მილიარდი თანადაფინანსების სახით მოიზიდა.

2022 წელს ADB-მ $6.7 მილიარდი გამოჰყო კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის დაფინანსებისთვის, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ბანკის ამბიციისკენ 2019-2030 წლებში გამოჰყოს $100 მილიარდი კლიმატის კუმულაციური დაფინანსებისთვის.

რეგიონში გაუარესებულ სურსათის კრიზისთან გასამკლავებლად ADB-მ $14 მილიარდიანი სურსათის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში $3.7 მილიარდი გამოჰყო სურსათის წარმოების სისტემის გაძლიერებისა და პირველადი სასურსათო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

ეკონომიკური გაჯანსაღების ხელშესაწყობად, ბანკმა დააფინანსა ინსტიტუციური რეფორმები, გააძლიერა საჯარო სერვისების მიწოდება და მთავარი ეკონომიკური სექტორების ზრდა. ADB-ის $3.9 მილიარდიანი, კერძო სექტორისთვის გამოყოფილი დაფინანსება მოიცავდა რთულ ბიზნეს გარემოში აღმოჩენილი საწარმოებისთვის სასიცოცხლო ლიკვიდურობის შენარჩუნებაში დახმარებას.

ამავდროულად, ბანკმა ფართომასშტაბიანი ინვესტიციები განახორციელა ხარისხიან ინფრასტრუქტურაში, ასევე განათლებაში, ჯანდაცვასა და სხვა სოციალურ სექტორებში, რამაც ხელი შეუწყო ეკონომიკის მასშტაბით მედეგობის გაზრდას.

“დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული რეფორმების წყალობით ADB რეგიონში უფრო მეტი ზემოქმედების მომტანი გახდება, მათ შორისაა კლიმატის დაფინანსების გაზრდა, მეტი ინვესტიცია კერძო სექტორში და ფართომასშტაბიანი განვითარების გადაწყვეტილებების მიღება კლიენტების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად,“-განაცხადა პრეზიდენტმა.