აზიის განვითარების ბანკისა [ADB] და „საქართველოს კაპიტალის“ თანამშრომლობით „საქართველოს კაპიტალის“ მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ობლიგაციების ემისია მოხდა.
ბანკის ცნობითვე, ADB-მ, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორმა არსებითი დახმარება გაუწია კომპანიას ამ ინოვაციური ინსტრუმენტის მისაღებად. ამას გარდა, ეს ADB-ის პირველი ინვესტიციაა კერძო სექტორის მდგრადობასთან დაკავშირებულ ობლიგაციებში.
„საქართველოს კაპიტალმა“ ჯამში150 მლნ დოლარის ხუთწლიანი ფასიანი ქაღალდი გამოუშვა. ეს საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებული ყველაზე დიდი სავალო ვალდებულებაა და მდგრადობასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი ობლიგაციაა საქართველოსა და კავკასიაში. ADB აღნიშნულ ობლიგაციებში $16 მილიონის ინვესტირებას განახორციელებს და მიღებული თანხა მოხმარდება განახლებული ენერგიისა და განათლების მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციების რეფინანსირებას და კორპორატიული საქმიანობის მხარდაჭერას ჯგუფის მდგრადობასთან დაკავშირებული მთავარი საწარმოო ინდიკატორის მისაღწევად.
„ველოდებით, რომ აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დიდი მოცულობა და კერძო სექტორის მხრიდან გამოხატული ჯანსაღი მოთხოვნა, ხელს შეუწყობს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში კლიმატთან დაკავშირებული მეტი ობლიგაციის გამოშვებას”,- განაცხადა ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა სიუზან გაბურიმ.
მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაცია მოწინავე სასესხო ინსტრუმენტია, რომელიც საქმიანობის შედეგების გათვალისწინებით გაიცემა. მას აქვს კლიმატთან დაკავშირებული მიზნები, რომლებიც წინასწარ განსაზღვრული მთავარი ინდიკატორებით იზომება და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევით ფასდება. ბონდების საიმედოობაზე დამოუკიდებელი შეფასება „სასთეინანალიტიკსმა“ წარმოადგინა, ემიტენტის მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ჩარჩოზე დაყრდნობით, რაც თანხვედრაშია კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო ასოციაციის მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების პრინციპებთან.
ეს ემისია კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია „საქართველოს კაპიტალის“ ოპერაციების ნულოვან ემისიაზე გადასასვლელად, რასაც ის მიზნად ისახავს 2050 წლისათვის. მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ფარგლებში „საქართველოს კაპიტალი“ გეგმავს 2027 წლისათვის სათბური აირების გამოყოფის 2022 წელთან შედარებით 20%-ით შემცირებას. ეს ასევე დაეხმარება საქართველოს მიერ პარიზის შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულებას 35%-ით შეამციროს სათბური აირების ემისია და 2030 წლისათვის 1990 წლის დონეს ჩამოსცდეს. ამ უმნიშვნელოვანესმა ტრანზაქციამ მოიზიდა საქართველოში გამოშვებული კორპორატიული ფასიანი ქაღალდებისთვის უპრეცედენტოდ მაღალი $83 მილიონის კერძო სექტორის ინვესტიცია.
„ემისია ასევე დაეხმარება ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას და წაახალისებს რეგიონში მდგრადი ფინანსური ინსტრუმენტებისა და სტანდარტების გამოყენებას. ის ასევე გააძლიერებს ჩვენს ფინანსურ მოქნილობას და მოგვცემს შესაძლებლობას განვაგრძოთ სავალო ვალდებულებების მნიშვნელოვნად შემცირება. მადლობელი ვართ ADB-ის მხარდაჭერის და ველოდებით კლიმატის ინვესტიციებში თანამშრომლობის გაგრძელებას",- განაცხადა „საქართველოს კაპიტალის“ თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა.