მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება, აზერბაიჯანის - 3.5%-ით, სომხეთის - 6.5%-ით - ADB

642c320b3378a
მარიამ ვარადაშვილი
04.04.23 18:30
593
აზიის განვითარების ბანკმა [ADB] დღეს აზიის განვითარების 2023 წლის პროგნოზი გამოაქვეყნა. 

განვითარების ბანკმა აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაზარდა, რისი მიზეზიც პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქებაა, რაც ხელს უწყობს მოხმარების, ტურიზმისა და ინვესტიციების ზრდას.

ADB წერს, რომ რეგიონის ეკონომიკური ზრდის გაზრდილი პერსპექტივის მიზეზი ჩინეთის გახსნაა, რომელსაც ნულოვანი კოვიდის პოლიტიკის გამო, გასულ წელს ქვეყნის შიგნით შეზღუდვები ჰქონდა დაწესებული. ნულოვანი კოვიდის სტარატეგიაზე უარის თქმის ფონზე, ADB-ის შეფასებით, ჩინეთის ეკონომიკა წელს 5%-მდე გაიზრდება, ხოლო 2024 წელს 4.5%-ით. 2022 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 3%-მდე შემცირდა. ADB ინდოეთის ეკონომიკის ზრდას 6.4%-ით პროგნოზირებს, ხოლო 2024 წელს - 6.7%-ით.

გაზრდილი ტურიზმი და შიდა მოთხოვნა იქნება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორი. აზიის განვითარების ბანკი რეგიონში 2023 წელს 4.7%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, 2024 წელს კი 5%-ს. კავკასიასა და ცენტრალური აზიის ეკონომიკა წელს 4.4%-ით, ხოლო 2024 წელს 4.6%-ით გაიზრდება. გასულ წელს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ზრდა 5.1% იყო. როგორც ADB-ის ანგარიშშია ნათქვამი, წელს რეგიონში ეკონომიკური ზრდა შენელდება და გასული წლის მნიშვნელოვანი ზრდა უკრაინაში დაწყებულ საომარი მოქმედებებს უკავშირდებოდა. ომმა რეგიონის ქვეყნებში რუსული კაპიტალის შედინება გამოიწვია. ამის გამო 2022 წელს სომხეთის ეკონომიკა 12.6%-დან 6.5%-მდე შემცირდება, საქართველოს კი - 10.2%-დან 4.5%-მდე.

განვითარების ბანკი ამ რეგიონებში 2023 წელს ინფლაციის 10.3%-მდე შემცირებას პროგნოზირებს. საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა სომხეთშია პროგნოზირებული - 6.5%, ხოლო აზერბაიჯანში 3.5%.

რაც შეეხება საქართველოს, ADB წერს, რომ ეკონომიკის ზრდა 2023 წელს შესაძლოა, შენელდეს რუსეთიდან ნაკლები მიგრანტის შემოსვლისა და ფინანსების შემცირებული შემოდინების გამო, ხოლო 2024 წელს მცირედი აღმასვლაა მოსალოდნელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები