მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი მაიკ რაიანის განცხადებით, მიუხედვად იმისა, რომ მეცნიერებს კორონავირუსის ვაქცინის შექმნაში „კარგი პროგრესი აქვთ“, ის მზად 2021 წლის დასაწყისამდე არ იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას USNEWS.COM ავრცელებს.
რაიანის თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ვაქცინის დისტრიბუციის უზრუნველყოფაზე მუშაობს, მაგრამ მანამდე აუცილებელია, ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალონ.
რაიანი ამბობს, რომ რამდენიმე პოტენციური ვაქცინის გამოცდა მესამე ფაზაშია და აქამდე უსაფრთხოების თვალსაზრისით არცერთი პროექტი არ ჩავარდნილა.
"რეალურად, მომავალი წლის პირველ ნახევარში ვიქნებით მზად იმისათვის, რომ ხალხი ავცრათ,"- განაცხადა რაიანმა.
მისივე თქმით, ორგანიზაცია მუშაობს იმაზე, რომ ვაქცინის შექმნის შემდეგ მოხერხდეს მისი წარმოება დიდი რაოდენობით.
"ჩვენ სამართლიანები უნდა ვიყოთ. ამ პანდემიის ვაქცინა მდიდრებისთვის და ღარიბებისთვის არ არის, ის ყველასთვისაა", - თქვა მან.
რაიანმა ასევე გაავრცელა გაფრთხილება სკოლების გახსნაზე. მისი თქმით, სკოლები არ უნდა გაიხსნას, სანამ ამ ვირუსის გადაცემის კონტროლი სრულად არ იქნება შესაძლებელი.
"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შესაძლებლობის ფარგლებში იმისათვის, რომ ბავშვები სკოლაში დაბრუნდნენ, მაგრამ ამისათვის ყველაზე ეფექტიანი გზა ვირუსის გადაცემის შეჩერებაა. თუ ვირუსს აკონტროლებთ, შეგიძლიათ, სკოლები გახსნათ", - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს მთავრობა 1.95 მილიარდ აშშ დოლარს გადაიხდის 100 მილიონ დოზა COVID-19-ის ვაქცინის შესაძენად, რომელზეც Pfizer Inc-ი და German biotech BioNTech-ი მუშაობენ.