მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: "მაიმუნის ყვავილის" 6000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მორიგი საგანგებო სხდომა დაინიშნა

62c5d895dc66b
თამთა ჯიჯავაძე
06.07.22 23:00
1013
მსოფლიოს 58 ქვეყანაში ე.წ. მაიმუნის ყვავილის 6000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს.

WHO-ში ამბობენ, რომ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომიტეტი მომდევნო საგანგებო სხდომას გამართავს, რომელზეც იმსჯელებენ, უნდა გამოცხადდეს თუ არა ეპიდემია გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობად. შემდეგი შეხვედრა 18 ივლისის კვირაში უნდა გაიმართოს.

წინა შეხვედრაზე, რომელიც 27 ივნისს გაიმართა, კომიტეტმა გადაწყვიტა რომ ეპიდემია, რომელიც აფრიკის ქვეყნებშიც და სხვა რეგიონებშიც ვრცელდება, საგანგებო ვითარების გამოცხადების საფუძველს არ წარმოადგენდა.

თუმცა WHO-ს ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ "მაიმუნის ყვავილის" შემთხვევების დაახლოებით 80% ევროპაზე მოდის, ამიტომაც ეს შემაშფოთებელია.

ცნობისთვის, "მაიმუნის ყვავილი" აფრიკის ზოგიერთ ნაწილში იყო გარცელებული და ვირუსისთვის ენდემურ რეგიონად ითვლებოდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ ვირუსმა მთელ მსოფლიოში დაიწყო გავრცელება. როგორც ცნობილია, "მაიმუნის ყვავილს" გაციების მსგავსი სიმპტომები ახასიათებს. WHO-ს ინფორმაციით, გავრცელების მიუხედავად, აფრიკის რეგიონის გარდა, სხვა ქვეყნებში ვირუსით გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ამასთან, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, "მაიმუნის ყვავილით" დაინფიცირებისას კლინიკური გამოვლინება ყვავილის მსგავსია, თუმცა მიმდინარეობა ძირითადად მსუბუქია. ინკუბაციის პერიოდი 5-დან 21-დღემდეა, ძირითადად 7-14 დღის ფარგლებში გამოვლენით. სიმპტომები 5 დღის ფარგლებში იწყებს გამოვლენას გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, შემცივნებით, ცხელებით, თავისა და კუნთების ტკივილით, ზურგის ტკივილით, სისუსტით და ლიმფური კვანძების შეშუპებით (ლიმფადენოპათია).

სიმპტომების დაწყებიდან 1-3 დღეში იწყება გამონაყარი, საწყის ეტაპზე სახეზე, რომელიც შემდეგ ვრცელდება მთელს სხეულზე, უპირატესად კიდურებზე. დამახასიათებელია გამონაყარი ხელის გულებსა და ფეხის ძირებზე (შემთხვევათა 75%-ში).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები