მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Wine Paris-ზე 30-მდე ქართული ღვინის კომპანია მონაწილეობს - ღვინის ექსპორტიორების რეიტინგში საფრანგეთი მე-19 ადგილზეა

Wine Paris

პარიზში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე Wine Paris ქართული ღვინის მწარმოებელი 30-მდე კომპანიის პროდუქციაა წარმოდგენილი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენაში ქართველი მეღვინეები სააგენტოს და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მონაწილეობენ.

სამდღიან გამოფენაზე მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის ასეულობით მწარმოებლის ალკოჰოლიანი სასმელებია წარმოდგენილი. გამოფენას, ტრადიციულად, სტუმრობს 50 ათასზე მეტი ვიზიტორი ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან, ასევე აშშ-დან და კანადიდან.

„Wine Paris მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენაა ღვინის ინდუსტრიაში, სადაც, ტრადიციულად, თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები. ქართული ღვინის წარდგენა აღნიშნულ გამოფენაზე არის საუკეთესო შესაძლებლობა ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად, ახალი პარტნიორების მოსაზიდად და არსებული სავაჭრო ურთიერთობების გასაძლიერებლად“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამთა ყველაიძემ.

მიმდინარე კვირაში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელმა ცხრა მარანმა საკუთარი პროდუქცია პარიზში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე „RAW Wine Paris 2026“ წარმოადგინა.

2025 წელს საქართველოს ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 3%-ით 267 მილიონ 910 ათას დოლარამდე შეუმცირდა. ადგილობრივად წარმოებული ეს პროდუქტი TOP-10 საექსპორტო საქონლის რეიტინგში 3.7%-იანი წილით მეოთხე ადგილს იკავებს. მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთი მსხვილ მწარმოებელ ქვეყანაში - საფრანგეთში ქართული ღვინის გაყიდვები არც ისე დიდია. საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში საფრანგეთი მე-19 ადგილზეა. 2025 წელს ყურძნის ნატურალური ღვინის საფრანგეთში გაყიდვები 63%-ით 830 ათას დოლარამდე გაიზარდა და სულ 132 991 ლიტრი ღვინო გადაიზიდა. ამ მიმართულებით მაქსიმალური ექსპორტი 2022 წელს დაფიქსირდა, როდესაც 1.2 მლნ დოლარის 320 136 ლიტრი ღვინო გავყიდეთ.

2025 წლის სტატისტიკის მიხედვით, საფრანგეთში ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 1 ლიტრზე 6.2 დოლარი იყო და 2024 წელთან შედარებით არ შეცვლილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები