მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წისქვილები კვლავ გაჩერებულია" - ხორბლის ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია

643eaa8627f7d
ვიქტორია მღებრიშვილი
18.04.23 18:39
744
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, „ადგილზე [ქვეყანაში] წისქვილები ეტაპობრივად დაიწყებენ მუშაობას“. ამის შესახებ ოთარ შამუგიამ ჯერ კიდევ 3 აპრილს გამართული მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა. იმავე დღეს მან ხორბლის ფქვილის მწარმოებელთა და მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციების მიმართვას მთავრობისადმი წისქვილკომბინატების ამოქმედებისა და ხორბლის დარჩენილი ადგილობრივი მარაგების ჩაბარებისთვის საჭირო მხარდაჭერის მოთხოვნაზე უარით უპასუხა და თქვა, რომ ფერმერები ოპტიმიზმით უნდა ყოფილიყვნენ განწყობილნი, რადგან ახალი მოსავლის აღებისას მარცვლეულის ახალი ფასები ფორმირდებოდა.

ამ განცხადების შემდეგ დარგობრივმა ასოციაციებმა ხელისუფლებას ახალი მოთხოვნებით მიმართეს. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია თავის მხრივ მთავრობისგან ფქვილის იმპორტის ყოველთვიური კვოტის დაწესებას 7000 ტონის მოცულობით ითხოვდა, რომელზეც დამაბალანსებელი ბაჟი არ დაწესდებოდა, იმპორტის დარჩენილ მოცულობებზე კი ხორბლის საექსპორტო გადასახადის დაბალანსების მიზნით ხელისუფლებას რუსულ ფქვილზე ბაჟი უნდა დაეწესებინა. ამასთან, წისქვილები მარცვლეულის ადგილობრივ მწარმოებლებს 1 კგ ხორბლის ჩაბარებას 55 თეთრად სთავაზობდნენ, რაც საბაზრო ღირებულების შესაბამისი იყო. ამ ფასად ხორბლის დარჩენილი მარაგის რეალიზება ფერმერებისთვის მისაღები არ იყო, რადგან მათი განმარტებით, ეს თვითღირებულებაზე დაბალი ფასი იყო. ამიტომ ფერმერებმა მთავრობას ერთჯერადად 1 კგ ხორბლის რეალიზებისას 25-თეთრიანი სუბსიდია სთხოვეს და 20 აპრილს სოფელ ჩალაუბანში აქციაც დააანონსეს. ამ მოთხოვნებზე საჯარო განცხადებები არ გაკეთებულა. მინისტრ ოთარ შამუგიას განცხადებიდან კი 2 კვირა გავიდა. ამუშავდნენ თუ არა წისქვილები და რა მდგომარეობაა დღეს სექტორში - ამ კითხვებით bm.ge-მ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას მიმართა.

დარგის წარმომადგენლით ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში 80-მდე წისქვილია და მათი დიდი ნაწილი გაჩერებულია, მათ შორის მსხვილი წისქვილკომბინატები.

„წისქვილები მარცვლეულის მწარმოებლებს 1 კგ ხორბლის საბაზრო ღირებულებით 55 თეთრად ვთავაზობთ, თუმცა ეს ფასი მათთვის მიუღებელია, რადგან თვითღირებულებაზე იაფი გამოდის. შესაბამისად ადგილობრივი ფერმერებისგან ხორბალს ვერ ვიბარებთ, ხოლო ხორბლის იმპორტის მოცულობები არ არის საკმარისი, რადგან იმპორტი მცირე მოცულობებით ხორციელდება. ამიტომ წისქვილები გაჩერებულები არიან“, - განმარტა bm.ge-სთან ლევან სილაგავამ.

კითხვაზე - რატომ ჰქონდა სოფლის მეურნეობის მინისტრს წისქვილების ამოქმედების იმედი, ლევან სილაგავა ამბობს: „წლის დასაწყისში შემცირებული საექსპორტო ბაჟის პირობებში ხორბლის იმპორტი მცირედით გააქტიურდა და ამასთან დარგში გაჩნდა მოლოდინი, რომ მთავრობა მათ სასარგებლოდ სექტორის მხარდამჭერ გადაწყვეტილებას მიიღებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. დღეს კი რუსული ხორბლის საექსპორტო გადასახადი კვლავ მზარდია და 1 ტონაზე დაახლოებით 70 დოლარს შეადგენს“.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ადგილობრივი წისქვილები ამუშავებას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ხელისუფლება ასოციაციის მიერ წარდგენილ შეთავაზებას გადახედავს და მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ან მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, რაც წისქვილებს ხორბლის ჩაბარების შესაძლებლობას მისცემს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები