მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ახლა კანონი უნდა დაპაუზდეს“ - ლევან სილაგავა გამოსავლის ორ გზაზე

ხორბლის ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია

საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა თვლის, რომ დღეს მნიშვნელოვანია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაპაუზდეს. მიზეზად კი სილაგავა საზოგადოებაში დაპირისპირების მაღალ ტემპერატურას ასახელებს, რომელიც აუცილებლად უნდა განელდეს.

BM.GE-სთან კანონის შეფასებისას ლევან სილაგავა ამბობს, რომ კანონთან მიმართებით მხარეთა პოზიციები ხისტია, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. ბიზნესგაერთიანების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მისთვის ამ მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებაზე მსჯელობა მნიშვნელოვანია.

„ამ კანონმა ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, როგორც პირველივე პროექტის წარდგენის დროს, ისე ახლაც. დღეს საზოგადოებაში დაპირისპირების ძალიან მაღალი ტემპერატურაა და ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. მსჯელობაში რასაც ვაკვირდებით ორი საპირისპირო ხისტი პოზიციაა, ერთი მხრივ მოთხოვნაა თითქოს გამჭვირვალობის, მეორე მხრივ არის „რუსული კანონი“. მე დამაკლდა მსჯელობა გადაწყვეტის გზებზე. ვფიქრობ, ახლა კანონი უნდა დაპაუზდეს და ამის შემდეგ დაიწყოს მსჯელობა საკითხზე. იმდენად „დადასტურებული“ პოზიციები აქვთ მხარეებს, რომ იკარგება ის თუ რა შეიძლება გაკეთდეს.

მოსმენას და საკითხების ერთმანეთთან დაახლოებას ალტერნატივა არ აქვს.

გუშინ რასაც ვუყურე, ვფიქრობ, კანონი მაინც დაპაუზდება, რადგან პრემიერის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ღია დისკუსიისთვის მზაობა გამოთქვა. ანუ ჩემი აზრით, ამ ეტაპისთვის კანონად არ მიიღებენ“, - აცხადებს ლევან სილაგავა.

თავისი მოსაზრების გაზიარებისას, ლევან სილაგავა იმასაც ამბობს, რომ მდგომარეობიდან ერთი გამოსავალი რეგულირების ზეგავლენის შეფასების გაკეთება და ასევე აკადემიური წრეების ჩართულობის მსჯელობის დაწყებაა.

„საერთოდ რომ არ შემოეტანათ კანონი უკეთესი იქნებოდა, მაგრამ რადგან შემოსულია სიფრთხილეა საჭირო. ამ მდგომარეობიდან გამოსავალს ორი მიმართულებით ვხედავ. თუ ეს კანონი დაპაუზდება და რეალურად, ვფიქრობ, ეს ასე იქნება, ამის შემდეგ აკადემიური წრეები უნდა ჩაერთონ მის განხილვებში, პირველი: უნდა გაკეთდეს რეგულირების ზეგავლენის შეფასება და რა შეიძლება მოიტანოს ამ სახით წარმოდგენილმა კანონპროექტმა.

მეორე: შეიძლება მსჯელობაში შეიძლება ჩაერთონ ფინანსისტები, აუდიტები, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, რომ დღეს არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში განისაზღვროს შესაძლებელია თუ არა ანგარიშვალდებულების წესები, რომელიც ორგანიზაციებს ამ ანგარიშვალდებულებას ევროპული პრაქტიკის შესაბამისად დაავალდებულებს. ამით ამ სახით კანონის მიღების საჭიროება საერთოდ შეიძლება მოიხსნას და გამჭვირვალობა არსებულ კანონებში იქნეს გადატანილი.

მეორე მხრივ, თუ არსებული საკანონმდებლო ბაზა ამის საშუალებას არ იძლევა, ეს კანონი უნდა განიხილონ, მაგრამ ის ფაქტორები, რომელიც საზოგადოებაში მძიმე ემოციურ განწყობას იწვევს, ეს იქნება კანონპროექტის სათაური თუ უცხოური ძალის გამტარებელი ორგანიზაცია - შეიცვალოს ეს ტერმინოლოგია“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები