მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წისქვილკომბინატი: „მხოლოდ კონკურენტული გარემოს შექმნას ვითხოვთ“

62853353c63b6
თათია ჩაფიჩაძე
18.05.22 21:50
2691
საქართველოში ხორბლის შემოტანა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ფქვილის, რის გამოც ბოლო თვეებში იმპორტიორები პირდაპირ ფქვილს ყიდულობენ. მიზეზი 2021 წლის ივნისში რუსეთის მხრიდან ხორბალზე მცურავი ბაჟის შემოღებაა, რომელიც ფქვილზე არ ვრცელდება. შედეგად, თუ თავდაპირველად ტონა ხორბალი 25 დოლარი ღირდა, დღეს მცურავი ბაჟი ერთ ტონა ხორბალზე თითქმის 5-ჯერ მაღალია და 120 დოლარს აღწევს.

ამ მიზეზით წისქვილკომბინატები საქართველოში ფაქტობრივად გაჩერდა. "აგროექსპორტის" დამფუძნებელი ლევან ჯანაშია ამბობს, რომ შექმნილ არაკონკურენტულ გარემოში მათ უკვე ყველა არსებული რესურსი ამოწურეს და მუშაობას ვეღარ აგრძელებენ. ჯანაშია აცხადებს, რომ არაკონკურენტული გარემოს გამო სასწორზე დევს სასურსათო მარაგები, რომელიც ფქვილის შემთხვევაში შენახვის ვადებიდან გამომდინარე ვერ იქმნება, 5 ათასამდე დასაქმებულის ბედი და თვიურად ბიუჯეტში შეტანილი 4-5 მლნ ლარის შემოსავალი.

რაც შეეხება არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ფქვილზე გადასახადის არ შემოღების შემთხვევაში პურის ფასი არ გაძვირდება, ეს მითი გასულ კვირაში 10 თეთრით გაზრდილმა ფასმა უკვე დაამსხვრია. თუმცა ამის მიუხედავად, ის აცხადებს, რომ სექტორი თანახმაა სოციალურ პურზე ფასი ადგილობრივი მცხობელებისათვის შედარებით დაბალ ფასად მიწოდების სანაცვლოდ შეინარჩუნონ.

„ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა ეხება იმას, რომ კონკურენტული გარემო გვქონოდა იმპორტირებულ პროდუქტთან მიმართებით. ამ ნაწილში ჩვენ იმაზეც თანახმა ვიყავით, რომ მიგვეწოდებინა ადგილობრივი მცხობელებისთვის თვეში 10 ათასამდე ტონა ფქვილი, რათა ე.წ. სოციალური პური არ გაძვირებულიყო, დანარჩენ ბაზარზე კი ყოფილიყო რეგულაცია. ასე რომ გამოსავალი ძალიან ბევრია, კომბინირებულ ვარიანტებზეც შეგვიძლია ვისაუბროთ.

ფაქტია, რომ იმპორტირებული ფქვილით ფასების დაჭერა ვერ მოხდა, პური მაინც გაძვირდა. ახლაც მზად ვართ გამოსავლის მოძიებისთვის, რომ ის არ გაძვირდეს. შესაძლებელია სხვა ვერსიებიც არსებობდეს, ჩვენი პოზიცია არასდროს ყოფილა ხისტი.

ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ფქვილით მარაგები არსად არ იქმნება, ასეთი ფენომენი არ არსებობს. შენახვის ვადები, პირობები, მოცულობა, ყველაფერი მიბმულია ხორბალზე, რომელიც გრძელვადიანია, კარგად დასაწყობებადია და ა.შ. კონკურენტული ბალანსის დადგომის სანაცვლოდ ერთ მხარეს საუბარია სამუშაო ადგილებზე, წარმოებაზე, დასაქმებულებზე, ბიუჯეტის შევსებაზე. ადგილობრივი წარმოებას მიბმულია მეცხოველეობა, მომიჯნავე დარგებსაც პრობლემა ექმნებათ. თუ სწორად მახსოვს ბიუჯეტში მხოლოდ წისქვილკომბინატებიდან თვიურად 4-5 მლნ შედიოდა", - განაცხადა ჯანაშიამ.

ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების წარმომადგენლებს შეხვდებიან და წისქვილკომბინატების მდგომარეობიდან გამოყვანის გეგმას განიხილავენ. თანხმობა სექტორმა გუშინ მიიღო, თუმცა მანამდე ცნობილი გახდა, რომ მთავრობა მათ მოთხოვნაზე, ფქვილზეც სარკისებრი გადასახადი შემოიღონ, არ განიხილავს. მიმდინარე კვირაში მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ფქვილის იმპორტზე გარკვეული გადასახადის დაწესება პურს გააძვირებს.

ამასთან, მთავრობის მეთაურმა ბოლო დღეებში საკითხთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი უწოდა და თქვა რომ ქვეყანაში, ფქვილთან ერთად ხორბლის საკმარისი მარაგებია, სულ მალე კი ადგილობრივი წარმოების ხორბლის აღების დროც მოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები