მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wizz Air დროებით წყვეტს ფრენებს ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებებით

ვიზეარი

Wizz Air დროებით წყვეტს ფრენებს ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებებით. ამის შესახებ ავიაკომპანიის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

კერძოდ, ირანში უსაფრთხოების ვითარების ბოლოდროინდელი ესკალაციის ფონზე, ავიაკომპანია დაუყოვნებლივ აჩერებს ყველა რეისს ისრაელის, დუბაის, აბუ-დაბისა და ამანის მიმართულებით და აღნიშნული მიმართულებებიდან 2026 წლის 7 მარტის ჩათვლით.

ამასთანავე, პრევენციის მიზნით, Wizz Air 72 საათის განმავლობაში აუქმებს საუდის არაბეთის მიმართულებით დაგეგმილ რეისებს, 2026 წლის 2 მარტის ჩათვლით.

"ავიაკომპანია ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და მუდმივ კავშირშია ადგილობრივ და საერთაშორისო უწყებებთან, მათ შორის – საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოებთან, უსაფრთხოების ორგანოებთან და სამთავრობო სტრუქტურებთან. ოპერაციული გადაწყვეტილებები რეგულარულად გადაიხედება, ხოლო ფრენების განრიგი შესაძლოა შეიცვალოს ვითარების შემდგომი განვითარების შესაბამისად.

მგზავრების, ეკიპაჟისა და საჰაერო ხომალდების უსაფრთხოება Wizz Air-ის უმაღლეს პრიორიტეტად რჩება.

ავიაკომპანია აცნობიერებს, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გარკვეული შეფერხებები გამოიწვიოს და მადლობას უხდის მგზავრებს გაგებისა და თანამშრომლობისთვის.

დაზარალებულ მგზავრებს ავიაკომპანია პირდაპირ დაუკავშირდება და მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას ხელმისაწვდომი ალტერნატივების შესახებ",- წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი, კოორდინირებული პრევენციული იერიში მიიტანეს, რასაც თეირანში, ისფაჰანსა და სხვა სტრატეგიულ ქალაქებში მძლავრი აფეთქებები მოჰყვა. ასევე, ირანმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით მასშტაბური სარაკეტო იერიში დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები