გლობალური IT-შეფერხების გამო, სხვა ავიაკომპანიებთან ერთად, შეფერხებით მუშაობს უნგრული Wizz Air-ის სისტემაც. აღნიშნულის გამო, ავიაკომპანია მგზავრებს აფრთხილებს, რომ ფრენამდე სულ მცირე 3 საათით ადრე გამოცხადდნენ აეროპორტებში.
"როგორც ყველა ავიაკომპანია დღეს, Wizz Air-იც განიცდის მწვავე ტექნიკურ გამოწვევებს გლობალური IT-სისტემის მუშაობის შეფერხების გამო. Wizz Air-ის მომხმარებლებს შესაძლოა, ავიაკომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ", - წერია ავიაკომპანიის განცხადებაში.
ამჟამად, არ მუშაობს Wizz Air-ის ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია, დაჯავშნის სისტემა, ონლაინ რეგისტრაციის და ჩასხდომის ბილეთების სისტემა, საკომუნიკაციო ცენტრები.
"შეფერხების პერიოდში, აეროპორტში უფასო რეგისტრაცია ხელმისაწვდომია. ამიტომაც ვურჩევთ მგზავრებს გამგზავრებამდე სულ მცირე სამი საათით ადრე მივიდნენ აეროპორტში, რათა რეგისტრაცია, უსაფრთხოების კონტროლი და აეროპორტის პროცედურებისთვის საკმარისი დრო იყოს", - წერია ავიაკომპანიის განცხადებაში.
ცნობისთვის, Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტიდანაც დაფრინავს. როგორც აეროპორტების გაერთიანებაში Bm.ge-ს განუცხადეს, გლობალური შეფერხების გამო, ქუთაისიდან ბერლინისკენ გაფრენილი რეისი ბერლინის აეროპორტმა ვერ მიიღო, რის გამოც ის პოზნანში დაჯდა. კატოვიცეს რეისზე კი რეგისტრაციამ მხოლოდ 20 წუთი დააგვიანა. სხვა შეფერხებები არ დაფიქსირებულა.