ტურისტულმა კომპანიებმა სამოგზაურო პაკეტების ფასები დააკორექტირეს, რომლის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად ავიაბილეთების ღირებულების ზრდას ასახელებენ.
ავიაქსელის დამფუძნებელი ამირან აბესაძე ამბობს, რომ ავიაბილეთების ფასის ზრდა რამდენიმე ძირითადი ფაქტორით იყო განპირობებული, თუმცა მისი თქმით, Wizzair-ის შემთხვევაში ეს დაკავშირებულია საჰაერო ხომალდების სიმცირესთან და მაღალ მოთხოვნასთან. მისი განმარტებით, კომპანიამ ზოგიერთ მიმართულებაზე ფასები 500%-ით და მეტით გაზარდა.
“რაც შეეხება ავიაბილეთის ფასებს, გარკვეულწილად მატება არის, რაც ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული. ეს არის საჰაერო ხომალდების სიძვირე, საწვავის ფასის ზრდა, არის მიზეზები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ კლასიკურმა ავიაკომპანიებმა ფასები ძალიან გაზარდეს. რაც შეეხება ვიზეირს, ამ შემთხვევაში სულ სხვა პრობლემაა, საჰაერო ხომალდების ნაკლებობაა, ხდება რეისების შემცირება. მგზავრების რაოდენობა კი შემცირების ნაცვლად მატულობს. შესაბამისად, კომერციულად იგეგმება ყველა რეისი და ფასი, შესაბამისად, გაიზარდა ფასი.
ვიზეირის შემთხვევაში, არის გარკვეული მიმართულებით, სადაც 500%-ით და მეტით გაძვირდა ბილეთი. ბილეთი, რომლის შეძენაც 100 დოლარამდე იყო შესაძლებელი, 300 ლარის ფარგლებში, ახლა 1200 ლარი ღირს,” - ამბობს ავიაქსელის დამფუძნებელი ამირან აბესაძე.