მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წლის ბოლომდე ბათუმში ჩვენს საწარმოს გავხსნით“ – QooQy Bakery-ის გეგმები

64a43507ca2b3
სალომე ხიდურელი
12.07.23 09:00
489
საკონდიტრო-სახაბაზო კომპანიამ QooQy Bakery-მა რამდენიმე თვის წინ ვაკეში, კომპანიისთვის რიგით მეხუთე, ფრანჩაიზის სახით კი პირველი ფილიალი გახსნა. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ილია გეფერიძე BM.GE-სთან აღნიშნავს, ახალ ფილიალში მიმართვიანობის დონე საკმაოდ მაღალია.

„ახალმა ფილიალმა ოპერირება ძალიან კარგად დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის თვეებია, მოთხოვნა მაინც არის და ეს გაყიდვებზეც აისახება. ჩვენზე ცნობადობაც იზრდება იმ უბანში, სადაც ვართ და ამიტომ გვგონია, რომ შედეგებს ერთი წლის თავზე გავაორმაგებთ“, - ამბობს ილია გეფერიძე.

კომპანიის სამომავლო გეგმებზე საუბრისას მისი თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ წლის ბოლომდე ბათუმში 450 000₾-იანი ინვესტიციით ახალი საწარმო გაიხსნება, რომელიც კომპანიისთვის რიგით მეექვსე ფილიალი იქნება.

„ბათუმის საწარმო იქნება იგივე კონცეფციის, რაც ვაჟა-ფშაველაზე გვაქვს თბილისში - იქნება საწარმო და შოპი ერთად, ერთ სივრცეში. ამის შემდეგ ბათუმში კიდევ ორი ექსპრესს ფილიალის გახსნასაც ვგეგმავთ.

ბათუმის საწარმო წლის ბოლომდე გაიხსნება და საწყისი 300 000₾-იანი ინვესტიცია, 450 000₾-მდე გავზარდეთ. ასევე, შესაძლოა, ფრანჩაიზის სახით მეშვიდე ფილიალი წელს თბილისშიც დაგვემატოს“, - ამბობს ილია გეფერიძე.

როგორც QooQy Baker-ის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, კომპანიის მომხმარებელთა რაოდენობა მუდმივად იზრდება, რაც ახალი ფილიალების გახსნის საჭიროებასაც აჩენს.

„ხარისხიანი პროდუქცია გვაქვს, რომლის გაუმჯობესებაზეც ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რის გამოც მომხმარებლების რაოდენობაც იზრდება.

რაც შეეხება სეგმენტს, ხარისხიდან გამომდინარე დაბალი ფასები არ გვაქვს და ჩვენი სეგმენტიც, ძირითადად, საშუალო პლუსია. თუმცა გვყავს ძირითადი კლიენტურა, ვინც ჩვენს პროდუქტს ყოველდღიურად ყიდულობს. რაც შეეხება უცხოელების რაოდენობას, ამ სტატისტიკას არ ვაწარმოებთ, თუმცა, ვფიქრობ, სტუმართა, ალბათ, 30% იქნება ტურისტი უცხოეთიდან“, - ამბობს ილია გეფერიძე.

QooQy Bakery 40-ზე მეტი დასახელების საკონდიტრო ნაწარმსა და სასმელს 2021 წლიდან აწარმოებს. როგორც მისი თანადამფუძნებელი BM.GE-სთან აღნიშნავს, ბოლო პერიოდში კომპანიას პროდუქციაზე ფასები არ გაუზრდია: „მხოლოდ რამდენიმე პროდუქტზე შეგვეცვალა ფასი მცირედით, ალბათ, 10%-ით“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები