წლის ბოლოსთვის მაღალი ინფლაციის რისკი არსებობს და მონეტარული პოლიტიკა უნდა გამკაცრდეს,- ასე აფასებს საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით მერსედეს ვერა მარტინი, რომელმაც საქართველოში IMF-ის მისიის ხელმძღვანელის პოსტზე საქმიანობა ახლახან დაასრულა. მერსედეს ვერა მარტინმა მისი საქმიანობა საქართველოში გადაცემა Forbes Talks–თან და “Forbes კვირასთან” შეაჯამა და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზეც ისაუბრა.
IMF–ის წარმომომადგენელი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით სწორი იყო. მერსედეს ვერა მარტინის თქმით, წლის ბოლოსთვის ინფლაციის გაზრდის რისკი არსებობს, ინფლაცია კი ყველაზე მტკივნეულ გავლენას ყველაზე მოწყვლად ჯუფებზე ახდენს
“ვფიქრობ, ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებები იყოს კარგად კოორდინირებული და ჩვენ ამ კოორდინაციას ვხედავთ ეკონომიკური გუნდის შიგნით - მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის თვალსაზრისით. დიახ, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდა, რადგან ინფლაციური მოლოდინები იზრდება და წლის ბოლოსთვის გაზრდილი ინფლაციის რისკი არსებობს. ინფლაცია ყველაზე მტკივნეულ გავლენას ყველაზე მოწყვლად ჯუფებზე ახდენს, მსყიდველუნარიანობას პირველ რიგში სწორედ ღარიბ ოჯახებს უმცირებს - ამდენად, ინფლაციის მართვა მნიშვნელოვანია. წარსული გამოცდილებიდან ისიც ვიცით, რომ გაუფასურება გადაეცემა ინფლაციას და საქართველოს შემთხვევაში ამის ალბათობა ძალიან მაღალია. ამდენად, მიმაჩნია, რომ წლის ბოლოს მაღალი ინფლაციის რისკი არსებობს და მონეტარული პოლიტიკა უნდა გამკაცრდეს”,– აცხადებს მერსედეს ვერა მარტინი.