სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, რუსთავში, ახალი სამკერვალო საწარმო „ქართლი ტექსტილი“ გაიხსნა.
“4 000 ახალი სამუშაო ადგილი რუსთაველებისთვის - ეს არის 2020 წლის ყველაზე მასშტაბური პროექტი რომელიც ჩვენი სააგენტოს უშუალო მხარდაჭერით შეიქმნა,” - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.
როგორც bm.ge-ს სააგენტოდან აცნობეს, ააგენტოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, კომპანიამ უახლესი ტექნოლოგიის დანადგარები შეიძენა, რაც მას საშუალებას მისცემს, ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima, Under Armour ეფექტური ტექნოლოგიით დამზადებული, მაღალხარისხიანი პროდუქცია მიაწოდოს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 20 მილიონ ლარს შეადგენს და საწარმოში 4 000-მდე ადგილობრივი ადამიანი დაასაქმდება, რომელთა 90 პროცენტი ქალია.
ინფორმაციისთვის, საწარმო - „ქართლი ტექსტილი“ ქართული ექსპორტიორი კომპანიის შპს „აჭარა ტექსტილის“ პროექტია, რომელიც 2008 წლიდან საფეიქრო მრეწველობის დარგში მოღვაწეობს. აღსანიშნავია, რომ კომპანიას, ქ. ბათუმში, ქ. ფოთში და ქობულეთს მუნიციპალიტეტ სოფელ ბობოყვათში არსებულ სამ სამკერვალო ქარხანაში დასაქმებული ყავს 3 500 საქართველოს მოქალაქე. კომპანია წლიურად 15 მლნ-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტს ახორციელებს.
აღნიშნული საწარმო, ერთ-ერთი პირველია, რომელმაც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ანტიკრიზისული გეგმის განახლებული პირობების ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 3 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო განახორციელებს.
(NS)




























