მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

WTM London 2025-ზე საქართველოდან 20-ზე მეტი სახელმწიფო ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობდა - GNTA

WTM London 2025
07.11.25 18:23
933

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენაში WTM London 2025 მიიღო მონაწილეობა. დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 20-ზე მეტი სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანია წარდგა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, WTM London 2025-ის გამოფენას დაესწრო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. გამოფენის ფარგლებში, მაია ომიაძემ შეხვედრები გამართა წამყვანი საერთაშორისო მარკეტინგული და ავიაკომპანიების მენეჯერებთან, ასევე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით ერთობლივი მარკეტინგული კამპანიების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვას დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ეროვნული სტენდით წარდგა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საერთაშორისო გამოფენაზე, ჩვენთან ერთად გამოფენაში მონაწილეობდნენ კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, იმერეთის, სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები. აღსანიშნავია, რომ რაც British Airways-მა და Easyjet-მა პირდაპირი ფრენები დაიწყეს საქართველოს მიმართულებით, საქართველოს მიმართ ბრიტანეთში ინტერესი გაზრდილია, მოიმატა ტურისტების რაოდენობამ, ტოპ-10-ში შევიდნენ ბრიტანელი მოგზაურები, როგორც ვიზიტების, ასევე შემოსავლების თვალსაზრისით. ჩვენ სისტემატურად ვატარებთ მარკეტინგულ კამპანიებს დიდ ბრიტანეთში, ამ გამოფენის ფარგლებში, შევხვდით მაღალი რეპუტაციის მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს: BBC, Euronews და სხვ. ჩვენ ასევე მოლაპარაკება გავმართეთ სხვადასხვა ტურისტული პლატფორმების მენეჯერებთან მათ შორის იყვნენ: Trip Adviser-ის, Expedia-ის, CondeNast Traveler-ის წარმომადგენლები, რომ წარმატებით დავასრულოთ 2025 წელი და 2026 წელს, დიდ ბრიტანეთში საქართველოს იმიჯი კიდევ უფრო განვამტკიცოთ, ბევრმა მოგზაურმა გაიგოს საქართველოს შესახებ და შემდეგ ეწვიონ ჩვენს ქვეყანას“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გამოფენაში მონაწილე ქართული კომპანიების წარმომადგენლებისა და ხელმძღვანელების შეფასებებსაც ავრცელებს.

ამ გამოფენაზე უკვე წლებია ვმონაწილეობთ, 1995 წლიდან, ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოფენა და მთავარი ღონისძიება ტურისტულ ინდუსტრიაში, რა თქმა უნდა ვამყარებთ ახალ კონტაქტებსაც, პირდაპირ ფრენებზე დიდი ინტერესია და იმედია გაგრძელდება ეს ფენები, რაც შესაბამისად გაზრდის ნაკადს დიდი ბრიტანეთდან საქართველოში, ეს გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანია, აქ ბრიტანელებთან ერთად ვხვდებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ტურ ოპერატორებს“,-აცხადებს "კაუკასუს თრეველის" წარმომადგენელი მაია კიკნაძე.

„ლონდონის ტურისტულ გამოფენას ყოველწლიურად ვესწრებით. WTM London საქართველოსთვის ძალიან საინტერესოა, რადგან დიდი ბრიტანეთი მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენეს და ჩვენ მზად ვართ მივიღოთ სტუმრები. დიდი იმედი გვაქვს რომ კიდევ უფრო გაიზრდება ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპის ქვეყნებიდან“, - აღნიშნა სასტუმრო ბილტმორის გაყიდვების დირექტორმა მარიამ ქუთათელაძემ.

„ლონდონის ტურისტულ გამოფენაში ჩვენი კომპანიის მონაწილეობა ძალიან სასიხარულოა. თითოეული ჩვენგანისთვის, შემომყვანი ტურისტული კომპანიებისთვის, მნიშვნელოვანია WTM London 2025-ზე წარდგენა, რადგან აქ თავს იყრის მსოფლიოს ყველა ტურისტული ბაზარი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ევროპის, ასევე ახლო აღმოსავლეთის, ჩინეთისა და ინდოეთის ტურისტული ბაზრები. სწორედ ლონდონის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა საშუალებას გვაძლევს ახალი საქმიანი ურთიერთობები დავამყაროთ წამყვან საერთაშორისო ტუროპერატორებთან, შევხვდეთ არსებულ პარტნიორებს, ასევე განვავითაროთ ახალი მიმართულებები“,- აცხადებს „თრეველ ვაიბსის“ წარმომადგენელი მარიამ როჭიკაშვილი.

„ჩვენი დაკვირვებით, ლონდონის ტურისტული გამოფენა მყიდველუნარიანობით გამორჩეულია- აქ შეხვდებით მაღალმხარჯველ სეგმენტზე მომუშავე ტუროპერატორებსა და ე.წ. ბაიერებს მთელი მსოფლიოდან. შესაბამისად, ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ერთი ტურისტული ჯგუფი, რომელიც ორ და სამ ჯგუფს უდრის სხვა ბაზრებთან შედარებით, მაღალმხარჯველობიდან გამომდინარე.
WTM London 2025 ქართული ტურისტული სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - შედგა საქმიანი შეხვედრები, გვაქვს კონკრეტული შედეგები, მივიღეთ მოთხოვნები უცხოელი პარტნიორებისგან თანამშრომლობის მიზნით“, - აცხადებს ტურისტული კომპანია "მიმინო თრეველის" წარმომადგენელი ირაკლი წიწილაშვილი..

WTM London 2025-ის გამოფენას 43,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა, გამოფენაში 180-ზე მეტი ქვეყნიდან 5,000-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა. მათ შორის: ავიაკომპანიები, სასტუმროები, ტურისტული და ტექნოლოგიური კომპანიები, ასევე მედიაორგანიზაციები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები