წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიამ 1,6 მლნ ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები ჩაიბარა, რომლებიც დაზიანებული იყო და საჭიროებდა დამატებით რეაბილიტაციას. ამის შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.
„მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო დაედგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები, გამოევლინა მათზე პასუხისმგებელი პირები და ზარალის ანაზღაურების მიზნით გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები“, - წერს აუდიტი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა 114 ხელშეკრულებით, ღირებულებით − 27,738.2 ათასი ლარი. აუდიტის ჯგუფმა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, რის შედეგად გამოვლინდა დაზიანებული ობიექტები.
„მაგალითად, მუნიციპალიტეტმა 2019 წელს შეისყიდა სოფელ მაღლაკში ჟორჟოლიანების უბნის გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაო, ღირებულებით − 470.1 ათასი ლარი. ობიექტი დაზიანებულია და აღენიშნება ბზარები. გარდა ამისა, ხარვეზები გამოვლინდა ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ პროექტებზე, რომელთა ღირებულება 1,150.3 ათასი ლარია. კერძოდ, დაზიანებულია სასწავლო დაწესებულებები, საგზაო და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები“, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის რეკომენდაციაა მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარებისა და მონიტორინგის წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები.
„დოკუმენტით ნათლად უნდა განისაზღვროს კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული ხელს შეუწყობს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას. ამასთანავე, მერიამ შეისწავლოს პროექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები და უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა“, - წერს აუდიტი.




























