მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყლის ახალი კანონი - რა იცვლება ბიზნესისთვის?

6385df0eb8afa
ელენე გოგბერაშვილი
29.11.22 16:20
1361
იმ ბიზნესებს, რომლებიც წარმოებაში წყლის რესურსებს გამოიყენებენ, მომავალი წლიდან ეტაპობრივად საქმიანობა ახალი რეგულაციების გათვალისწინებით მოუწევთ. ამას „წყლის რესურსების მართვის“ ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგიდან გამომდინარე მოამზადა.

დოკუმენტს, სანებართვო სისტემა შემოაქვს იმ კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია წყლის მოხმარებასთან და გარკვეული რაოდენობით წყლის ჩადინებასთან მდინარეებში. აღსანიშნია ის, რომ ახალი სანებართვო სისტემა შეეხება მხოლოდ კანონის ამოქმედების შემდგომ ნებისმიერ ოპერატორს, იქნება ეს საწარმოო ობიექტი, თუ ჰიდროელექტროსადგური.

ახალი კანონის რეგულირების სფეროში ექცევა ზედაპირული და მიწისქვეშა მტკნარი წყლები და მათი დაცვის ზონები.

კანონს ნებართვის სამი სახე შემოაქვს, როცა ბიზნესს მოუწევს ერთ შემთხვევაში ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვის აღება, მეორე შემთხვევაში ნებართვას ექვემდებარება ზედაპირულ წყლის ობიექტში წყალჩაშვება, მესამე შემთხვევაში კი საუბარია კომბინირებულ ნებართვაზე. სანებართვო მოსაკრებელი 100, 100 და 200 ლარით არის განსაზღვრული.

დღეს არსებული მოსაკრებლის ოდენობის მიხედვით, ამ მუხლის ძალაში შესვლის შემდეგ კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ბიუჯეტში დაახლოებით 5 მლნ ლარის შემოსავლის მობილიზება მოხდება. აღნიშნული რეგულაცია კანონპროექტით, ძალაში 2024 წლის 1 იანვარს უნდა შევიდეს.

„ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერ სამრეწველო საქმიანობას ესაჭიროება წყალი, რომ მოიხმაროს საქმიანობის პროცესში და მეორე მხრივ, საწარმოო პროცესის შედეგად გამდინარე წყალი რიგ შემთხვევებში ხვდება ასევე მდინარეებში. ამისათვის დაწესდება შესაბამისი სანებართვო სისტემა და ნებისმიერ ოპერატორს, ბიზნეს სუბიექტს მოუწევს წყლის აღების და წყლის ჩაშვების ნებართვის აღება ახალი კანონმდებლობის პრინციპების შესაბამისად. რაც შეეხება უკვე არსებულ ობიექტებს, რომლებიც კანონის ძალაში შესვლამდე ფუნქციონირებენ, მათთვის ეს ახალი სანებართვო სისტემა თავისი შეზღუდვებით არ იქნება რელევანტური, რადგან ჩვენ გადავხედავთ ყველა არსებულ საქმიანობას, რომელიც კანონის ამოქმედებამდე დაიწყო, რადგან კანონის ამოქმედებამდე სხვა რეჟიმი მოქმედებდა წყლით სარგებლობისათვის.

ეს ახალი სანებართვო სისტემა შეეხება მხოლოდ კანონის ამოქმედების შემდგომ ნებისმიერ ოპერატორს, იქნება ეს საწარმო ობიექტი, იქნება ეს ჰიდროელექტროსადგური, ყველას ვისაც წყალმოხმარება დასჭირდება თავისი საქმიანობის პროცესში. ამის მიზანია სახელმწიფოს ზუსტად ჰქონდეს ინფორმაცია, ვინ რა რაოდენობის წყალს მოიხმარს და რამდენად სჭირდება ამა თუ იმ საქმიანობას კონკრეტული რაოდენობის წყალი, ამის შეფასება მოხდება ნებართვის გაცემის დროს. ეს არის ამ ახალი რეგულაციების მთავარი მიზანი. მსგავსი პრინციპები მოქმედებს ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში“,-აცხადებს bm.ge-სთან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი.

2024 წლიდან არის ასევე გათვალისწინებული სპეციალური წყალსარგებლობისთვის კომპანიებისთვის შესაბამისი მოსაკრებლის დაწესებაც. აქ კერძო სექტორს სავარაუდოდ მოუწევს ინვესტირება თავიანთ ინფრასტრუქტურაში, რათა ის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანონ. მათ მოუწევთ სხვა ვალდებულებების შესრულებაც, რაც დაკავშირებულია მაგალითად ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ქონასთან და გარკვეული სტანდარტის დაცვასთან, რაც ასევე დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯებთან. როგორც გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ჩვენთან საუბარში განმარტავს, ამ ეტაპზე მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრული არ არის.

„კანონპროექტი განსაზღვრავს სამომავლოდ, რომ შეიძლება დადგინდეს მოსაკრებელი წყლით სარგებლობისათვის. ეს ეხება ძირითადად სამრეწველო საქმიანობას, რომელიც დიდ რაოდენობით წყლის რესურსს მოიხმარენ. დღესდღეობით მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრული არ გვაქვს, აქ მნიშვნელოვანია ჩატარდეს ეკონომიკური შეფასება ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი, რომ სახელმწიფომ სწორად განსაზღვროს ის თანხა, რომელიც საბოლოოდ მომხმარებელს არ უნდა დააწვეს მძიმე ტვირთად და ბიზნეს საქმიანობებს არ უნდა შეუშალოს ხელი. ვფიქრობთ, მომავალ წელს ჩვენ შევძლებთ კანონის მიღებას და მის ეტაპობრივ ამოქმედებას“,-აცხადებს ნინო თანდილაშვილი.

წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ქვეყანას წყლის რესურსების მართვის სრულიად ახალი - მდინარეთა სააუზო მართვის სისტემა ექნება. როგორც ნინო თანდილაშვილი განმარტავს, ამის მთავარი მიზანია ყველამ იმ რაოდენობის წყალი მოიხმაროს, რომელიც მას ესაჭიროება, მეორე მხრივ კი უზრუნველყოფილ იქნას სისუფთავე მდინარეებში. ამისათვის კი კერძო სექტორმა მთავრობასთან ერთად შესაბამისი ზომები უნდა გაატაროს, იქნება ეს გამწმენდი ნაგებობის თუ საკანალიზაციო სისტემების მოწყობა.

გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს იმასაც, რომ კანონპროექტი განხილულია მათ შორის კერძო სექტორთან და ძირითადი შენიშვნები მათი მხრიდან სანებართვო სისტემას და წყალმოხმარების რეგულირების საკითხებს უკავშირდება, რაზეც კონსესუსი უკვე არსებობს. მისივე თქმით, კანონპროექტის დამტკიცება მომავალ წელს მოხდება და ის ძალაში 2023 წელსვე შევა. კანონპროექტის რიგი მუხლები ეტაპობრივად ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები