მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wyndham Grand Tbilisi ოპერირებას 1 სექტემბრიდან განაახლებს - მენეჯმენტის მოლოდინები

611fe56ae2489
ვიქტორია მღებრიშვილი
21.08.21 10:07
1653
“ძვირფასო სტუმრებო, 1 სექტემბერს სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi -ს კარი კვლავ გაიღება თქვენთვის და ჩვენი გუნდი დიდი სიხარულით გიმასპინძლებთ!“ - ეს განცხადება სასტუმროს მენეჯმენტმა Wyndham Grand Tbilisi-ის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გაავრცელა.

BM.GE-ი სასტუმროს გენერალურ მენეჯერს მედეა კობახიძეს დაუკავშირდა და შეკითხვები Wyndham Grand Tbilisi გახსნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებასა და მოლოდინებზე დაუსვა.

„ამ პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებოდით, როგორ აღდგებოდა ტურიზმის დინამიკა და მივხვდით, უნდა ავმოქმედებულიყავით. მოთხოვნებზე დაყრდნობით, სექტემბერში დადებითი დინამიკა იკვეთება და დამაიმედებელი პროგნოზები გვაქვს. გრძელვადიან ჭრილში გათვლების გაკეთება, მდგომარეობის ცვალებადობის გამო რთულია, თუმცა Wyndham-ის ბრენდთან და მფლობელთან კონსულტაციების შემდეგ სასტუმროს გახსნის გადაწყვეტილებამდე მივედით“, - განმარტავს სასტუმროს გენერალური მენეჯერი.

მისი ინფორმაციით, Wyndham Grand Tbilisi 158-ნორმიანი სასტუმროა, თუმცა გახსნის პირველ ეტაპზე ნაწილობრივად დაიტვირთება. „სექტემბრის დასაწყისი დატვირთულია ინდივიდუალური მოგზაურებით და თვის შუა რიცხვებიდან უფრო მზარდი დინამიკა შეინიშნება მცირე ჯგუფებისა და ინდივიდუალურ მოგზაურების ხარჯზე. დიდი მოთხოვნა გვქონდა ისრაელიდან, თუმცა ქვეყანაში ეპიდვითარების გართულების შემდეგ, ბევრი ჯავშანი გაგვიუქმდა. შესაბამისად, მომართვიანობა დღეს სპარსეთის ყურის და დსთ-ის ქვეყნებიდან გვაქვს“, - აღნიშნა მედეა კობახიძემ.

Wyndham Grand Tbilisi-ის მენეჯერი ამბობს, რომ პანდემიური მდგომარეობის გამო 1.5 წლიანი გაჩერების შემდეგ, სასტუმრო ოპერირებას ახალი ძალებით და შემართებით დაიწყებს და საწყის ეტაპზე 70 ადამიანს დაასაქმებს.

„ჩვენთვის ვაქცინაციის პროცესი პრიორიტეტულია, რათა თანამშრომლებისთვის და სტუმრებისთვის უსაფრთხო გარემო შეიქმნას. ჩვენი თანამშრომელთა ნაწილი სრულად, ნაწილიც ნაწილობრივ ვაქცინირებულია“, - უთხრა BM.GE-ის მედეა კობახიძემ.

ცნობისთვის, თბილისში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi პანდემიის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე 2019 წლის მაისში გაიხსნა. სასტუმროს გახსნისთვის 48 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. სასტუმროში 158 ნომერი, 17 ლუქსი, მათ შორის, ორი საპრეზიდენტო, ხუთი საკონფერენციო სივრცე, ლაუნჯ-ბარი და სამი რესტორანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები