მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელ X-ის ალტერნატივებს შორის რბოლაში Bluesky ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს, თუმცა შედეგები აჩვენებს, რომ წარსულში Twiiter-თან დაკავშირებული სოციალური პლატფორმა სწრაფი ტემპით ვითარდება. კომპანიის ინფორმაციით, ერთ კვირაში სოციალურ ქსელში ერთ მილიონზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა, რითაც Bluesky-ის მომხმარებელთა რაოდენობა 15 მილიონამდე გაიზარდა.
ილონ მასკის პლატფორმის უდიდეს ალტერნატივად ამ დრომდე რჩება Meta-ს Threads-ი, რომელსაც 275 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, თუმცა ბოლო ტენდენციები აჩვენებს, რომ Threads-ის მომხმარებლები უფრო და უფრო ინტერესდებიან Bluesky-ის ქსელით: ბოლო დღეებში "Bluesky" Meta-ს სოციალური მედიის ტრენდული თემების კატეგორიაში ხვდება, Threads-ის მომხმარებლებმა Bluesky-ის 19 ათასზე მეტი პოსტიც მიუძღვნეს.
ერთი თვის წინ Bluesky-ის მომხმარებელთა რაოდენობა 9 მილიონამდე იყო, რაც ადასტურებს, რომ კომპანიის მარკეტინგული აქტივობები მოქმედებს - მობილური აპლიკაცია Apple-ის App Store-ში სოციალური პლატფორმების რეიტინგის სათავეში რჩება და Threads-სა და ChatGPT-ის უსწრებს. არსებობს ვარაუდი, რომ Bluesky-ის პოპულარობის ზრდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან და ილონ მასკის მიმართ გაზრდილ კრიტიკასთანაა დაკავშირებული.
ანალიტიკური ფირმა SimiliarWeb-ის ინფორმაციით, 7 ნოემბერს X-ის მომხმარებელთა ნაწილმა, 115 ათასმა ადამიანმა, პლატფორმაზე საკუთარი ანგარიში გააუქმა, რაც, Twitter-ის ილონ მასკის შესყიდვის შემდეგ, რეკორდულია.
"Bluesky-ის ვებ-ტრაფიკი და აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა ბოლო კვირაში უფრო დრამატულად გაიზარდა, ვიდრე არჩევნებამდე პერიოდში და ზოგჯერ აღემატება კიდეც Threads-ზე აქტივობას", - ნათქვამია SimiliarWeb-ის ანალიზში, თუმცა ხაზგასმულია, რომ Threads-ს მობილური აპლიკაციით უფრო ხშირად იყენებენ, ვიდრე ვებსაიტით.