წამყვანი ამერიკული საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის პროგნოზით, ტექნოლოგიური გიგანტის, SpaceX-ის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებიდან, xAI-იდან მიღებული შემოსავალი 2030 წლისთვის $322 მილიარდამდე გაიზრდება.
Financial Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც პოტენციური ინვესტორისთვის მომზადებულ დოკუმენტს ეყრდნობა, ბანკის ანალიტიკოსები კომპანიის მთლიანი შემოსავლის ზრდასაც პროგნოზირებენ. კერძოდ, გასულ წელს დაფიქსირებული $18.7 მილიარდიდან, 2030 წლისთვის მაჩვენებელი $474 მილიარდს მიაღწევს.
არსებული ინფორმაციით, ილონ მასკის კომპანია ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პირველადი საჯარო შეთავაზების ფარგლებში $75 მილიარდის მოზიდვას გეგმავს. ამ მოცულობის კაპიტალის მოზიდვის შემთხვევაში, კომპანიის საბაზრო შეფასება $1.75 ტრილიონს გაუტოლდება, რაც ახალი რეკორდი იქნება.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ანალიტიკურ წრეებში აღნიშნულ შეფასებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. Morningstar-ის ანალიტიკოსები SpaceX-ის რეალურ ღირებულებას $780 მილიარდად განსაზღვრავენ, რაც კომპანიის მიზნობრივ მაჩვენებელზე ორჯერ ნაკლებია. დასახელებული სააგენტოს შეფასებით, კომპანიის AI მიმართულების, მათ შორის xAI-სა და სოციალური პლატფორმა X-ის პერსპექტივები, გაურკვეველი ეკონომიკური მოდელისა და ბაზარზე არსებული კონკურენციის ფონზე, ბუნდოვანი რჩება.




























