მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

xAI-ს ფინანსურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ენტონი არმსტრონგი

მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტის სტარტაპის, xAI-ს ფინანსურმა დირექტორმა, ენტონი არმსტრონგმა თანამდებობა დატოვა. ცნობისთვის, ის გასული წლის ოქტომბერში დაინიშნა. იქამდე კი Morgan Stanley-ს ბანკირი იყო და მასკის მიერ სოციალური პლატფორმა X-ის შეძენის პროცესში დონალდ ტრამპის მრჩევლის ფუნქციას ასრულებდა. არსებული ინფორმაციით, არმსტრონგმა გადადგომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც xAI-სა და SpaceX-ის ფინანსური გუნდების შერწყმის პროცესი ოფიციალურად დასრულდა და საერთო კომპანია ბრეტ ჯონსენს დაექვემდებარა.

ცნობისთვის, არმსტრონგი ფინანსურ ოპერაციებს ერთდროულად xAI-სა და X-ში უძღვებოდა. მისი მთავარი ამოცანა სოციალური პლატფორმის ფინანსური სტაბილურობის აღდგენა იყო. იმ სტაბილურობის, რაც მასკის მიერ კონტენტის მოდერაციის სტანდარტების შემსუბუქების ფონზე მნიშვნელოვნად მოირღვა. შეგახსენებთ, მილიარდერის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო კომპანიასთან თანამშრომლობა სარეკლამო დამკვეთების დიდმა ნაწილმა შეწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ ატმსტრონგის გადადგომა და მენეჯმენტში საკადრო ცვლილება დროში ემთხვევა SpaceX-ის მიერ საფონდო ბირჟაზე გასვლის მოახლოვებას. როგორც ცნობილია, კოსმოსური კომპანია აქციების პირველადი განთავსების გზით $75 მილიარდის მოზიდვას გეგმავს, რის შედეგადაც მისმა კაპიტალიზაციამ $1.75 ტრილიონს უნდა მიაღწიოს.

ცნობისთვის, xAI ილონ მასკის მიერ დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის კომპანიაა, რომლის მიზანიც სფეროს წამყვან მოთამაშეებთან კონკურენცია და ინოვაციური მოდელების შექმნაა. წლის დასაწყისში SpaceX-თან მისი შერწყმა კი კაცობრიობის ისტორიაში უმსხვილეს გარიგებად შეფასდა. გარიგებად, რომლის მოცულობამაც $250 მილიარდს გადააჭარბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები