ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები, რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით, ჯერ კიდევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები.
"ხანძრის ქრობის ოპერაციის რაიონი სამ სექტორადაა დაყოფილი. სამივე სექტორზე აქტიური სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება. ინტენსიურად კეთდება კერებამდე მისასვლელები მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით. მაშველები როგორც ინდივიდუალური აღჭურვილობით, ასევე, სახანძრო ავტოცისტერნების დახმარებით ახორციელებენ ხანძრის ქრობის ამოცანებს",-ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ბორჯომში ხანძარს მეოთხე დღეა ებრძვიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის ღონისძიებებში მონაწილეობს 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. ცეცხლის ქრობის პროცესში კვლავ ჩართული არიან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და მობილიზებულია შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. დრონებით ხდება ხანძრის მონიტორინგი.




























