ხარაგაულში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისათვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ერთ მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა შესაძლოა ეს რიცხვი გაიზარდოს, რადგან საბოლოოდ კომისიას ზარალის დათვლა არ დაუსრულებია. ზარალის დათვლის პარალელურად მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. პირველ ეტაპზე სოფელ ლეღვანთან დამაკავშირებელი შემოვლითი გზა გაიწმინდა, სადაც სტიქიის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. ამ მონაკვეთის აღდგენის შემდეგ 2 სოფლის მოსახლეობა ცენტრალური გზის მოწესრიგებამდე ადმინისტრაციულ ცენტრს აღნიშნული მონაკვეთით დაუკავშირდება. გარდა ამისა, შლამისგან გაწმენდილია სოფელ ლეღვნიდან მარელისი-კაპნარი-კელასოურის უბანში შემავალი ხიდი და სანიაღვრე არხები. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, აღდგენითი სამუშაოების ჩატარების შედეგად დენი ყველა ოჯახს მიეწოდება და ამ კუთხით პრობლემა აღარ არსებობს.


































