მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხარვეზები, რაც აუდიტმა ე.წ 1 ლარიანი მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამაში აღმოაჩინა

601531b339431
BM.GE
30.01.21 14:13
1078
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა რიგი ნაკლოვანებები, მათ შორის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კუთხით.

აუდიტი აღნიშნავს, რომ პროგრამის ამოქმედებისას სამინისტროს მიერ განხორციელებული საკომუნიკაციო აქტივობები ნაკლებად იყო კონცენტრირებული სამიზნე ჯგუფების მოზიდვისკენ და არ იყო ეფექტიანი საშუალება ბენეფიციართა ინფორმირებულობისა და პროგრამაში ჩართვისთვის. შედეგად, დაბალი იყო მედიკამენტებზე მიმართვიანობა და პროგრამის ფაქტობრივ მოსარგებლეთა რაოდენობამ პოტენციურ ბენეფიციართა მხოლოდ 9% შეადგინა.

კერძოდ, 2017-2018 წლებში პროგრამით გათვალისწინებული 35 დასახელების ფარმაცევტული პროდუქტის შესასყიდად სოციალური მომსახურების სააგენტომ გააფორმა 72 ხელშეკრულება ღირებულებით − 10,653,849 ლარი, საიდანაც ამ პერიოდში ფაქტობრივად მიიღო 7,916,312 ლარის ღირებულების მედიკამენტი. ამავე პერიოდში ბენეფიციარებზე გაიცა შესყიდული მედიკამენტების მხოლოდ 22%, ღირებულებით − 2,328,894 ლარი.

აუდიტი წერს, რომ აღნიშნულის ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო ბენეფიციართა მხრიდან დაბალი მიმართვიანობა. 2017-2018 წლებში პროგრამაში ჩაერთო და ისარგებლა პოტენციურ ბენეფიციართა მხოლოდ 9%-მა.


ამასთან, ანგარიშის მიხედვით, შესასყიდი მედიკამენტების მოცულობის განსაზღვრისას არ იყო გათვალისწინებული ბენეფიციართა დაბალი მიმართვიანობა და შეძენილი მედიკამენტების რაოდენობა მაღალი იყო მის ხარჯვასთან შედარებით. აღნიშნულმა კი გამოიწვია არაოპტიმალური მარაგების შექმნა და გაზარდა საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვის რისკი.

აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ იმასაც, რომ რიგ შემთხვევებში ბენეფიციარებზე მედიკამენტის გაცემისას ჩამოყალიბებული იყო არაეფექტიანი კონტროლის მექანიზმი. შედეგად, გაცემული მედიკამენტების კომბინაცია და დოზები არ შეესაბამებოდა დადგენილ მოთხოვნებს. შეუთავსებელი მედიკამენტების კომბინაციაში ან/და მაქსიმალური დოზებით მიღებამ კი შესაძლოა გამოიწვიოს უკუჩვენებები და გვერდითი ეფექტები.

რიგ შემთხვევებში სოციალური მომსახურების სააგენტოში დანერგილმა კონტროლის მექანიზმმა ვერ უზრუნველყო ამასთან მედიკამენტების ვადების ეფექტიანი კონტროლი. შედეგად, ბენეფიციარებმა მიიღეს მედიკამენტები, რომლებსაც მოხმარების პერიოდში გაუვიდათ ვარგისიანობის ვადა.

იქიდან გამომდინარე, რომ დაბალია პროგრამის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტების ბენეფიციარებზე გაცემის მაჩვენებლი, აუდუტი ასკვნის, რომ ვერ იქნა მიღწეული მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა.

რაც შეეხება შიდა კონტროლის სისუსტეებს, აუდიტი აღნიშნავს, რომ  შემუშავებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს ხარჯვის პროცესში მედიკამენტების ვარგისიანობის ვადის ეფექტიან კონტროლს. შედეგად, პირველ ჯერზე იხარჯება მედიკამენტები, რომელთაც აქვთ ვარგისიანობის ხანგრძლივი მოხმარების ვადები, ხოლო შემდეგ მედიკამენტები, რომელთა დარჩენილი ვარგისიანობის ვადა − მცირეა.

გასათვალისწინებელია ის მიგნებაც, რომ ერთი და იგივე პირი მონაწილეობს მედიკამენტების განსაზღვრის პროცესში, ახორციელებს მის მიწოდებას და ლოგისტიკურ მომსახურებას, რაც შესაბამისი კონტროლის საშუალებების არარსებობის პირობებში წარმოშობს მედიკამენტების არამიზნობრივად გამოყენების რისკს.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა 2017 წლის აპრილიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანი იყო ზოგიერთი ქრონიკული დაავადების მქონე პირთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.

2017 წელს პროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენდნენ პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მათზე მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატებოდა 100 000-ს.

2018 წლის აგვისტოდან პროგრამის მოსარგებლეებს დაემატნენ ასაკით პენსიონერები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, აგრეთვე მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები