მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია, ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით დაგეგმილი/გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობა - ანგარიში

სს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ფსიქიკური ჯანმრთელობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2018 წლიდან 2022 წლამდე პერიოდს მოიცავს. ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკას, ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს და კოორდინაციას უწევს, შესაბამისად, აუდიტმა ამ მიმართულებით დაგეგმილი და გატარებული ღონისძიებების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა შეისწავლა.

დოკუმენტში წერია, რომ სამინისტროს შემუშავებული აქვს სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ ძირითად პრიორიტეტებსა და მიმართულებებს ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარებისათვის. აღნიშნული დოკუმენტი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მომსახურების დაფინანსებას უზრუნველყოფს.

აუდიტი წერს, რომ მიუხედავად ამისა, გამოწვევად რჩება პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესრულება, სანდო ინფორმაციის არსებობა და ხარჯების ეფექტიანად და პროდუქტიულად განკარგვის მიზნით დაფინანსების მექანიზმის შემუშავება.

სამინისტრო კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიულ გეგმასა და მექანიზმებს და ახორციელებს მის მონიტორინგსა და შეფასებას, მიუხედავად ამისა აუდიტმა დაადგინა, რომ:

  • 2015-2020 და 2022-2030 წლების სტრატეგიებში ერთი და იგივე მიმართულებები რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად, როგორიცაა ადამიანური რესურსის ნაკლებობა, ამბულატორიული მომსახურების გაძლიერება და შესაბამისი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფა, მომსახურების ხარისხის ამაღლება, მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა და სხვ.

  • 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის ფარგლებში 2022 წლისთვის დაგეგმილი 8 აქტივობიდან, 2023 წლის მდგომარეობით შეუსრულებელია − 5, ნაწილობრივ განხორციელდა − მხოლოდ 2. მაგალითად, ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში პაციენტთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის შეფასების მიზნით არ შექმნილა მონიტორინგის ჯგუფი და არ გაუმჯობესებულა მედიკამენტების შესყიდვის მექანიზმი.

რეკომენდაცია სამინისტროს:

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ეროვნული სტრატეგიის შესრულებისათვის მუდმივი მონიტორინგის მიზნით შემუშავდეს მისი ზედამხედველობის ეფექტიანი მექანიზმი.

საბიუჯეტო სახსრების პროდუქტიულად განკარგვისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის მიზნის სათანადოდ შესრულებისთვის, შეფასდეს არსებული და შეირჩეს პროგრამის დაფინანსების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც ორიენტირებული იქნება სერვისის ხელმისაწვდომობის ზრდაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები