ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაზე ლიცენზიის ფლობის მოთხოვნა განსაზღვრული არ არის - ამის შესახებ ფსიქიკური ჯანმრთელობის აუდიტის ანგარიშში წერია, რომელიც 2018 წლიდან, 2022 წლამდე პერიოდს მოიცავს.
უფრო კონკრეტულად, რომ ავხსნათ, ჯანმრთელობის დაცვის სფეროს სახელმწიფო მართვის მექანიზმი სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლია, რასაც სამინისტრო სამედიცინო მომსახურების მიწოდების წესების/პირობების, ნორმატივების შემუშავებისა და მათი შესრულების კონტროლის გზით ახორციელებს.
აუდიტი წერს, რომ საკანონმდებლო რეგულაციებში არსებული სხვადასხვა ჩანაწერის მიუხედავად, სამინისტროსა და პასუხისმგებელი ორგანოების მიერ სრულყოფილი ზედამხედველობა არ ხორციელდება. ამასთანავე, სამედიცინო დაწესებულებების მიერ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების გაწევის შესაძლებლობა საჭიროებს გაუმჯობესებას.
კერძოდ, სამედიცინო დაწესებულებების ზედამხედველობის ნაწილში, შემდეგი მიგნებები გამოიკვეთა:
- „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ბენეფიციარებმა მომსახურება უნდა მიიღონ ლიცენზირებულ ამბულატორიულ დაწესებულებებში, თუმცა კანონში „ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაზე ლიცენზიის ფლობის მოთხოვნა განსაზღვრული არ არის;
- ზემოაღნიშნულ კანონში მითითებული ჩანაწერის შესაბამისად, სამინისტროს მიერ 2020 წლის 1 სექტემბრისათვის იგეგმებოდა მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობის განსაზღვრა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ჯგუფი აუდიტის პერიოდისათვის არ იყო შექმნილი;
- 2018-2022 წლებში რეგულირების სააგენტოს მიერ სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო პირობები შემოწმდა მხოლოდ 2018 და 2019 წლებში, 6 ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. აღსანიშნავია, 2020-2022 წლებში COVID-19-ის პანდემიის გამო სანებართვო პირობების კონტროლი არ განხორციელებულა;
- სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი 12 სტაციონარული დაწესებულებიდან მონიტორინგი ხორციელდებოდა, ძირითადად, 3 დაწესებულებაში. დანარჩენი 9 დაწესებულების შეუმოწმებელი შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 83%-დან 98%-მდე;
- 2019-2021 წლებში ბავშვთა და მოზრდილთა სტაციონარების საწოლების დატვირთვა 5 სამედიცინო დაწესებულებაში აჭარბებდა 100%-ს, მათ შორის, ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც დატვირთვა 3-ჯერ აღემატებოდა ზღვრულ შესაძლებლობებს.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიხედვით, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს აქვს დამანგრეველი ეფექტი როგორც ინდივიდსა და ოჯახზე, ისე მთელ საზოგადოებაზე. ამასთანავე, ორიდან − ერთ ადამიანს, სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც ექმნება მსგავსი პრობლემა.
საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო აღიარებს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა არის ადამიანის ჯანმრთელობის ფუნდამენტური ნაწილი და საზოგადოების კეთილდღეობის აუცილებელი პირობა, ხოლო ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს მოვალეობაა. ფსიქიკური ჯანმრთელობის გაძლიერების ეროვნულ კონტექსტში კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თითოეული მოქალაქის მენტალური კეთილდღეობის დაცვა და ხელშეწყობა, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ადამიანების საჭიროებების დაკმაყოფილება.
ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციაულური დაცვის სამინისტრო
ახორციელებს კოორდინაციას უწევს.