მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთჯერადი ჩასხმები ბევრად მეტია ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობაზე - რა დარღვევები გამოავლინა აუდიტმა ხელვაჩაურში?

ნავთობპროდუქტები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. უწყების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სხვა ნაკლოვანებებთან ერთად გამოვლინდა, ტრანსპორტის მოვლა-შენახვისა და საწვავის ხარჯვის არამიზნობრიობა.

აუდიტის მიხედვით, კომუნალური მომსახურების სამსახურს 2021-2022 წლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სპეციალური ტექნიკის ნაწილების მომსახურებისათვის 129,582 ლარი აქვს გახარჯული. დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ორგანიზაციაში დეფექტური/შეცვლის აქტების წარმოება არსებული ხელშეკრულებებით არ ხდებოდა, ამასთან მიღება-ჩაბარების აქტებითა და სხვა დოკუმენტაციით არ ირკვევა, შესყიდული საქონელი თუ მომსახურება რომელი სატრანსპორტო საშუალებისათვის იქნა გამოყენებული.

ასევე კომუნალური მომსახურების სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაში, მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სპეციალური ტექნიკისთვის განკუთვნილი საქონლისა თუ მომსახურების ხელშეკრულებებში გამოვლინდა არსებითი ხასიათის დარღვევები, რაც ასახულია წინამდებარე ანგარიშის შესაბამის თავში.

„2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული იურიდიული პირების მიერ საწვავის გამოყენებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, შემდეგი ნაკლოვანებები გამოვლინდა:

  • კომუნალური მომსახურების სამსახურის კუთვნილ ერთ-ერთ ავტომანქანაზე 2021 წელს საერთო ჯამში, ნაჩვენებია შეუსაბამოდ დიდი, 24,708 ლიტრი დიზელის საწვავის გამოყენება, როდესაც აღნიშნულ ავტომანქანაში 2022 წელს 4,069 ლიტრი საწვავია ჩასხმული, ხოლო 2023 წლის 6 თვის მონაცემებით − 750 ლიტრი, ასევე ერთჯერადი ჩასხმები ბევრად მეტია ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობაზე. თვეში საწვავის გამოყენების საშუალო მაჩვენებელი წლების მიხედვით შემდეგია: 2023 წელს თვეში − 125 ლიტრი, 2022 წელს − 339 ლიტრი, ხოლო 2021 წელს − 2,059 ლიტრი;
  • ა(ა)იპ − ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახური და შპს „ხელვაჩაურის წყალი“ საწვავის გამოყენების მიზნებისათვის გარდა აგაის სისტემისა, საბარათე სისტემასაც იყენებდა. ბარათები გამოიყენება სხვადასხვა ტექნიკისათვის (საწვავზე მომუშავე სხვადასხვა დანიშნულების ხელსაწყოები, მებაღეობის საშუალებები) საჭირო საწვავის უზრუნველყოფის მიზნით, სადგურებიდან ავზებით მიწოდებისათვის. 2021-2022 წლებში შპს „ხელვაჩაურის წყალი“ იყენებდა ორ ბარათს და ჯამში დახარჯულია 25,205 ლარის ღირებულების − 7,503 ლიტრი საწვავი, მათ შორის, 2021 წელს − 4,308 ლიტრი, ხოლო 2022 წელს − 3,195 ლიტრი. კომუნალური მომსახურების სამსახურის მიერ 2 წელიწადში დახარჯულია 36,215 ლარის ღირებულების − 14,360 ლიტრი, მათ შორის, მხოლოდ 2021 წელს − 11,068 ლიტრი, ხოლო 2022 წელს − 3,292 ლიტრი ბენზინის საწვავი. საწვავის ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არ მოიცავს სრულად გახარჯული საწვავის ოდენობას, ასევე ზოგიერთ მათგანში სტანდარტულად მითითებულია, რომ გამოყენებულია „სხვადასხვა სამუშაოების“ შესასრულებლად, რითაც შეუძლებელია გაირკვეს, სად და რა სამუშაოების შესრულებას მოხმარდა ეს საწვავი, „- წერია აუდიტის ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, მუნიციპალიტეტში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო და სპეციალური ტექნიკისათვის შეძენილი სათადარიგო ნაწილების და საწვავის მიზნობრივად ხარჯვის დოკუმენტურად დადასტურებას, რის გამოც ვერ მივიღეთ რწმუნება 2021-2022 წლებში შესყიდული სათადარიგო ნაწილების და საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით.

მისივე რეკომენდაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა შეიმუშაოს ისეთი შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვის ხარჯების დასაბუთებულ და რაციონალურ ხარჯვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები