სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. რომლის თანახმადაც, 2021 წელს ბიუჯეტის შემოსულობების გეგმური მაჩვენებელი 89%-ით, ხოლო გადასახდელები − 84%-ით შესრულდა. ამასთანავე, ბიუჯეტის ანგარიშზე 2021-2022 წლებში არსებული თავისუფალი საბიუჯეტო სახსრები არასრულადაა გამოყენებული.
აუდიტის ანგარიშის თანახმად, ხაზინის მონაცემებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შემოსულობებმა 2021-2022 წლებში − 55,069,286 ლარი, ხოლო გადასახდელებმა 54,394,706 ლარი შეადგინა.
„2021-2022 წლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან აუთვისებელი 6,466,896 ლარის საბიუჯეტო რესურსი დარჩა, რაც ძირითადად შემდეგ პროგრამებზე მოდის: ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარება − 3,962,805 ლარი, განათლება − 823,879 ლარი და ჯანმრთელობისდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა − 855,890 ლარი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს „კაპიტალური ტრანსფერიდან“ აუთვისებელი 2,175,111ლარი დარჩა, აღნიშნული ტრანსფერის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროპორციულად ხორციელდება.
შესაბამისად, შემოსულობების და გადასახდელების შეუსრულებლობის მიზეზი, არასწორად დაგეგმილი და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებია. მაგალითად:
- 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო 500,000 ლარი 2 სოციალური სახლის მშენებლობისათვის. პროგრამის განხორციელება არ დაწყებულა, რადგან შესაბამისმა კომისიამ დროულად ვერ უზრუნველყო ბენეფიციართა შერჩევა, რაც პროექტის დაწყებისათვის აუცილებელი პირობა იყო;
- სტიქიური რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი სახლების მიმართ ფერდსამაგრი ნაგებობების დაგეგმილზე ნაკლები მშენებლობის გამო, 257,003 ლარი ვერ იქნა ათვისებული;
- რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების ფარგლებში, თავდაპირველად განსაზღვრული ვადების მხარეთა მიერ შეთანხმებით გადავადების და ასევე მიმწოდებლის მიერ სამუშაოთა შესრულების ვადების დარღვევის შედეგად, სამუშაოების საბოლოო მიღება- ჩაბარება მომდევნო წელს განხორციელდა. აღნიშნულის შედეგად, ბიუჯეტში 956,973 ლარი აუთვისებელი დარჩა, ხოლო ერთ შემთხვევაში მიმწოდებელმა სრულად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და 167,674 ლარი აუთვისებელი დარჩა,“- ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით,2021 წელს ბიუჯეტის შემოსულობების გეგმური მაჩვენებელი 89%-ით, ხოლო გადასახდელები − 84%-ით შესრულდა. ამასთანავე, ბიუჯეტის ანგარიშზე 2021-2022 წლებში არსებული თავისუფალი საბიუჯეტო სახსრები არასრულადაა გამოყენებული. რაც აღნიშნული მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვასა და სხვადასხვა პროექტის დაგეგმვის ხარვეზებზე მიუთითებს.
აუდიტის რეკომენდაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა არსებული ფაქტობრივი გარემოებების სიღრმისეული შესწავლისა და ანალიზის შედეგების შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს პროგრამების საბიუჯეტო პარამეტრების განსაზღვრა და მათი შესრულება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია საბიუჯეტო რესურსის დროული და ეფექტიანი გამოყენება, რაც ახალი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას შესაძლებელს გახდის.