მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხე-ტყის ბიზნესში დასაქმებულ მეწარმეებთან გარიგებაში მყოფი საჯარო მოხელე დააკავეს

63a154622c56d
ინგა მურუსიძე
20.12.22 11:00
615
საგამოძიებო სამსახური სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტის გამოვლენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ-ერთი რეგიონალური ქვედანაყოფის სპეციალისტი კორუფციულ გარიგებაში იმყოფებოდა ხე-ტყის ბიზნესში დასაქმებულ მეწარმეებთან, რომელთაგანაც, სამსახურებრივი მფარველობისა და დარღვევებზე რეაგირების განუხორციელებლობის სანაცვლოდ, გარკვეული პერიოდულობით, იღებდა შესაბამის თანხებს.

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადასტურდა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტი რ.ხ. მფარველობას უწევდა ხე-ტყის ბიზნესში დასაქმებულ მ.ნ.-ს, რომელმაც რ.ხ.-ს გაწეული მფარველობის სანაცვლოდ, ორჯერ, პირად ანგარიშზე ჩაურიცხა შესაბამისი თანხა. ხოლო, ერთ შემთხვევაში - ბრალდებულმა, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით არ შეადგინა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რის სანაცვლოდაც, ერთ-ერთი მეწარმისგან მიიღო სამშენებლო მასალა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული რ.ხ. ინფორმაციას აწვდიდა მეწარმეებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების გადაადგილებისა და კონტროლის ღონისძიებების შესახებ, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის ტრანსპორტირების ფაქტების დაფარვის მიზნით.

შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებისთანავე, მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, ორივე ბრალდებული დაკავებულ იქნა მოსამართლის განჩინების საფუძველზე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 338-ე და 339-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები