მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ხელფასი იმდენი უნდა იყოს, რომ ადამიანს ევროპაში წასვლა არ უღირდეს“ - ბიზნესის ორი გამოწვევა

64ad468f13924
თელარა გელანტია
12.07.23 00:00
9276
ძვირი ფული და სამუშაო ძალის დეფიციტი - ჰოლდინგ „ინნ ჯგუფის“ თანადამფუძნებლის პაატა კოკაიას აზრით, ეს არის ორი ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც დღეს ბიზნესს აწუხებს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა.

„რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა, მაგრამ მაინც იმედიანად ვართ. არაა ისეთი მდგომარეობა, რომ ეკონომიკური წინსვლა არ გვქონდეს. ამასთან, ბევრი გამოწვევა გვაქვს. ყველაზე დიდი გამოწვევაა ძვირი ფული - ბოლო ორი წელია კრედიტები ალბათ ყოველთვე ძვირდება - დოლარში სესხების საპროცენტო განაკვეთი 9%-ზე მეტია. ჩვენც იძულებული ვართ, ყველა ხარჯი გავითვალისწინოთ ანუ როდესაც მუშახელი ძვირდება, კომუნალური გადასახადების ტარიფი იზრდება და ა.შ. ეს ყველაფერი აისახება იმ პროდუქტის ფასზე, რომელსაც ვყიდით, შესაბამისად, მომხმარებელზე. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ თურმე ბიზნესმა უნდა დაიკლოს მოგება, ბიზნესს დათვლილი აქვს ხარჯები და როცა ის იზრდება, მას მაინც უწევს საბოლოო პროდუქტის გაძვირება“, - განმარტა ბიზნესმენმა.

რაც შეეხება სამუშაო ძალის ნაკლებობას, „ინნ ჯგუფის“ დამფუძნებლის დაკვირვებით, ეს პრობლემა განსაკუთრებით პანდემიის დროს გამოვლინდა, როცა მოქალაქეებმა ქვეყანა დატოვეს. ბიზნესმენი ფიქრობს, რომ ემიგრაციაში წასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხელფასებია.

„მუშახელის სერიოზული ნაკლებობაა. ფაქტობრივად, ერთი საწარმოდან მეორეში გადადიან... პანდემიის შემდეგ, სამუშაო ძალა საზღვარგარეთ წავიდა: ზოგი - ევროპაში, ზოგი - აშშ-ში... იქ, ბუნებრივია, უფრო მაღალია ხელფასი. სად არის გამოსავალი? - სახელფასო ანაზღაურების ზრდაში. საქართველოშიც, მინიმუმ აღმოსავლეთ ევროპის ხელფასებს თუ არ გაუთანაბრდა ხელფასები, სამუშაო ძალა უკან არ შემობრუნდება და სხვა გზაც არ გვაქვს; ასე უნდა მოხდეს. ჩვენთან ხელფასი იმდენი უნდა იყოს, რომ ადამიანს აღმოსავლეთ ევროპაში წასვლა არ უღირდეს; აშშ-ის - ვერ, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის ხელფასების დონეს უნდა დავეწიოთ“, - განაცხადა პაატა კოკაიამ.

ბიზნესმენით თქმით, გარდა ამ ორი მთავარი გამოწვევისა, ბიზნესს სხვა „წვრილ-წვრილი პრობლემებიც“ აქვს. „გამოწვევაა ნებართვების მიღება და კომუნიკაცია... ამ ყველაფერზე დროული რეაგირებაა საჭირო“, - აღნიშნა „ინნ ჯგუფის“ დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები