მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლებისთვის დრო აღარ ითმენს, რომ შეასრულოს ხალხისთვის მიცემული პირობა - პრეზიდენტი

647075a7175d2
ვიქტორია მღებრიშვილი
26.05.23 13:28
502
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლებას სულ უფრო ცოტა დრო რჩება იმისთვის, რომ გამოცხადებულ მიზანს დაუბრუნდეს, რომელსაც ევროპულ ოჯახთან გაერთიანება ჰქვია. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ქართველი ხალხის საკუთარი შვილების მომავალს არ დათმობს.

„ჩვენი ისტორიის მქონე ერმა, როგორ უნდა დაიჯეროს, რომ რუსეთის პოლიტიკა შეიძლება ვინმეს კარგ ან ცუდ საქციელზე, ან რომელიმე განცხადებაზე იყოს დამოკიდებული, ყველაფერზე გარდა საკუთარი ინტერესისა? რა იყო უკრაინაზე დამოკიდებული, როცა რუსეთმა ომი დაიწყო? ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს ჩვენი დათმობების სანაცვლოდ, მას ჩვენი ისტორიიდან არაფერი უსწავლია. ან კიდევ როგორ დავიჯეროთ, რომ ოკუპანტი შეიძლება ჩვენი თანამემამულეების კეთილდღეობაზე ზრუნავდეს? ნუთუ გვავიწყდება ჩვენს მოქალაქეებს, აფხაზეთში, ცხინვალში, ვინ ავიწროებს და ვინ იტაცებს?

კარგად ვხედავთ დღეს ვინ ცდილობს უკრაინის ოკუპაციას და იმასაც ვხედავთ, რომ მსოფლიო იცვლება, რუსეთის უძლეველობის მითი დამსხვრეულია და ხვალინდელ გეოპოლიტიკურ სივრცეში აღარ უნდა არსებობდეს ოკუპირებული ტერიტორიები. დღეს 26 მაისია და ჩვენ უკრაინელ მეგობრებს მინდა ვუსურვო ქვეყნის გამარჯვება და გამთლიანება.

ამ ახალი მსოფლიო წესრიგის მოლოდინში დღეს ჩვენი საზოგადოება, როგორც ხელისუფლება გზა გასაყარზეა. საზოგადოებამ თავისი სიტყვა თქვა და გამოხატა თავისი ნება - საქართველომ უნდა გააგრძელოს დამოუკიდებლობის გამყარების და გამთლიანების, ევროპული დემოკრატიის ჩამოყალიბების და ევროპულ ოჯახთან შეერთების გზა.

ნათელია, რომ საზოგადოება არ დათმობს საკუთარი შვილების მომავალს, არ დათმობს თავის ევროპულ არჩევანს. დემოკრატიის პირველი წესია, რომ უნდა შეასრულო ის, რისთვისაც ხალხმა აგირჩია.

ქართველ ხალხს, ყველა ხელისუფლება ამ პირობას აძლევდა. დღევანდელმა ხელისუფლებამაც ქართველ ხალხს ეს პირობა მისცა და მეტიც კონსტიტუციით გაამყარა ევროინტეგრაციის გზა. დღეს, როცა ქართველი ხალხი ისევ ამ გზაზეა და ითხოვს მისი ნების აღსრულებას ხელისუფლება სადაა?

ხელისუფლებისთვის დრო აღარ ითმენს, რომ დაუბრუნდეს საკუთარ სიტყვას, გამოცხადებულ მიზანს და შეასრულოს ხალხისთვის მიცემული პირობა. ხელისუფლებამ ამ დარჩენილ დროში უნდა იფიქროს, იმაზე თუ რისი შესრულება შეუძლია, არა იმიტომ, რომ ვინმე გვკარნახობს, არამედ იმიტომ, რომ ეს ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის გზაა და ამას ალტერნატივა არ გააჩნია.

დღეს საზოგადოებისთვის სასოწარკვეთილების და უიმედობის დრო ნამდვილად არაა. ქართული საზოგადოება ეროვნული ინტერესების და ღირსების დასაცავად უკან არასოდეს იხევდა და ეს უახლოესმა ისტორიამაც გვაჩვენა.
ახლა მთავარია, ყველამ ერთად დავინახოთ და გავიაზროთ ეს გარდაუვალი ცვლილებები, ვირწმუნოთ საკუთარი თავის და არავის მივცეთ უფლება ჩვენი გზიდან გადაყვანის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები