ქალბატონ სალომეს, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, უფლება აქვს ნებისმიერ საკითხზე თავისი მოსაზრება გამოთქვას, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება.
საქმე ის არის, რომ 10 მაისს რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებიდან პირველი კომენტარი სწორედ სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. მათ რუსეთის ეს გადაწყვეტილება პროვოკაციად შეაფასა, საქართველოს მთავრობას უშიშრობის საბჭოს მოწვევისკენ და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების განხილვისკენ მოუწოდა.
საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი კი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ პრეზიდენტს აღმასრულებელი პოლიტიკის გატარების უფლებამოსილება არ აქვს.
„ქვეყნის პრეზიდენტს თავისი პოზიცია აქვს. ის არ წარმოადგენს აღმასრულებელ პოლიტიკას. აღმასრულებელ პოლიტიკას წარმოვადგენ მე - მთავრობის მეთაური, მმართველი პარტია, პარლამენტი... ჩვენ წარვმართავთ საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ქალბატონ სალომეს, როგორც ჩვენს ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს ნებისმიერ საკითხზე თავისი მოსაზრება გამოთქვას. ყველაფერი რაც ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას გააუმჯობესებს დადებითი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა პრემიერმა.