მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილის თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტს ევროინტეგრაციის პროცესთან კავშირი არ აქვს

ჯოზეფ ბორელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტი პოლიტიკური საკითხი არ არის და მმართველ პარტია იძულებული იყო პრეზიდენტის ქმედებებზე ფორმალური რეაგირება მოეხდინა, რათა კონსტიტუციის დაცვის და პატივისცემის მაგალითი ეჩვენებინა. ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებას იმის შესახებ, რომ მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებით ქვეყანაში პოლარიზაცია გაიზრდება.

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბორელის ერთობლივ კონფერენციაზე მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ევროინტეგრაციის პროცესთან კავშირი არ აქვს. 
 
„ბატონო ბორელ, თქვენ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ახსენეთ. ეს წმინდა სამართლებრივი საკითხია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო - ჩვენ ვაშენებთ ძლიერ, ევროპული ტიპის დემოკრატიას, სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც პირველ რიგში იცავენ და პატივს სცემენ კონსტიტუციას, როგორც მთავარ კანონს და ვინ, თუ არა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტი, ზოგადად ხელისუფლება უნდა იყოს მაგალითის მიმცემი, როგორც კონსტიტუციის დაცვის, ასევე მისი პატივისცემის. შესაბამისად, ეს არ არის პოლიტიკური საკითხი.

ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი, რაზეც ფორმალური რეაგირება გავაკეთეთ ჩვენ, მმართველმა პარტიამ და იქვე განვმარტეთ, რომ იმის მიუხედავად, რომ ვიცით, რომ საკმარისი ხმების რაოდენობა არ გვაქვს პარლამენტში, რომ ფორმალურად მოხდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტი, ჩვენ ვცემთ რა პატივს და ვიცავთ რა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონებს, ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი სახელმწიფოს იმიჯს,ვალდებული და იძულებული ვიყავით, რომ ეს ფორმალური რეაგირება მოგვეხდინა. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას არავითარი კავშირი არ აქვს არც ამ პროცესთან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ვგულისხმობ ევროინტეგრაციის პროცესს და ა.შ.”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები