მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელკეტი, ცხენი, შესაბოჭი ბადე - რის გამოყენება შეეძლება სამხედრო პოლიციას დევნისას?

64a4102c5dc69
ინგა მურუსიძე
04.07.23 16:51
760
საქართველოს პარლამენტი „თავდაცვის კოდექსზე“ მსჯელობს. კანონპროექტში, რომელიც ორი მოსმენით უკვე მიღებულია, სამხედრო პოლიციის უფლებამოვალეობებსა და მოქმედების წესებზეცაა საუბარი.

კანონპროექტის 153-ე მუხლის თანახმად, სამხედრო პოლიციას სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვს, მათ შორის ბადის, ცხენით გადევნების და ა.შ.

სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ დეპუტატებს. „გირჩის“ წარმომადგენელმა, ვახო მეგრელიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე კანონპროექტის წარმდგენს - თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, გრიგოლ გიორგაძეს შემდეგი კითხვით მიმართა:

სამხედრო პოლიციის თანამშრომლებს აქვთ უცნაური დანიშნულების ნივთების გამოყენების უფლება. ბადეები, ცხენები და ა.შ. რაში სჭირდებათ ეს ნივთები? რა უნდა დაარბიონ, ან ბადით ვინ უნდა დაიჭირონ? რა შემთხვევა წარმოგიდგენიათ, როცა ბადეს ესვრის პოლიციელი და იჭერს ვინმე ადამიანს? ჰბადით ხელში, ცხენზე ამხედრებული პოლიციელი რომ მისდევს ადამიანს - როგორ წარმოგიდგენიათ ეს შემთხვევა?

პასუხისას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, რომ სპეციალური დანიშნულების ნივთების გამოყენება ყველა ქვეყანაში ხდება, მათ შორის სხვადასხვა უსაფრთხო ნივთების, - „შეიძლება ისე გეჩვენებათ, რატომ ბადე, მაგრამ თქვენ უნდა ნახოთ, რა საშუალებები აქვთ მაგალითად, ნატოს სამხედრო პოლიციას. ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტი. შეიძლება ამის აუცილებლობა არც დადგეს, მაგრამ მაგალითად იქ, სადაც პოლიცია რელიეფის გამო მანქანით ვერ მიდის, შეიძლება გამოყენებული იყოს ცხენი და ყველა სხვა საშუალება, რომელიც ნაკლებად დამაზიანებელია. როგორ გგონიათ, პოლიციას აქვს იარაღის გამოყენების უფლება და არ უნდა ჰქონდეს მსუბუქი საშუალებების გამოყენების უფლება?“, - განაცხადა გიორგაძემ.

ცნობისთვის, კანონპროექტის 153-ე მუხლში აღნიშნულია, რომ  სამხედრო პოლიციის თანამშრომელს მართლწესრიგის დასაცავად უფლება აქვს გამოიყენოს პასიური და აქტიური სპეციალური საშუალებები:

3. პასიური სპეციალური საშუალებები უზრუნველყოფს სამხედრო პოლიციის თანამშრომლის ან/და მის მიერ დასაცავი პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. ასეთი სპეციალური საშუალებებია: ჯავშანჟილეტი, ჩაფხუტი, ფარი, აირწინაღი და სხეულის დაცვის სხვა სპეციალური საშუალებები.

4. აქტიური სპეციალური საშუალებები პირს მოკლე ვადით უსპობს სამხედრო პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარს ან/და სამხედრო პოლიციის თანამშრომელს ეხმარება დაკისრებული ფუნქციის შესრულებაში. ასეთი სპეციალური საშუალებებია: ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება, სპეციალური ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება, არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი), ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი და სასამსახურო ცხენი, ელექტროშოკური მოწყობილობა და შესაბოჭი ბადე. აღნიშნული სპეციალური საშუალებები გამოიყენება:

ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება – დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს სამხედრო პოლიციის თანამშრომელს, ან გაქცევას ცდილობს; დაკავებულის ან დაპატიმრებულის ბადრაგირებისას; თუ პირს თავისი საშიში მოქმედებით შეუძლია ზიანი მიაყენოს საკუთარ თავსა და სხვას;

ბ) სპეციალური ხელკეტი – პირზე, სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; დანაშაულის ჩამდენი ან მართლწესრიგის დამრღვევი პირის დაკავებისას, თუ იგი არ ემორჩილება სამხედრო პოლიციის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას; მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად;

გ) ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი) – პირზე, სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად; დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით, დატოვოს დაკავებული ტერიტორია, სატრანსპორტო საშუალება ან შენობა-ნაგებობა, სადაც თავს აფარებს;

დ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა – სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, პირზე ან/და სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული წინააღმდეგობის გამწევი პირის დასაკავებლად; შენობა-ნაგებობიდან, მიწის ნაკვეთიდან, სატრანსპორტო საშუალებიდან შეჭრილი დამნაშავის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის გამოსაძევებლად, უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის გასათავისუფლებლად;

ე) ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება – სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმა არ შეასრულა სამხედრო პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნა გაჩერების შესახებ და რომლის მოქმედებაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ან თუ ასეთი საშუალების გამოყენება აუცილებელია პროპორციული სამართლებრივი სიკეთის დასაცავად;

ვ) დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება – დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას, დახურული სივრციდან უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის გასათავისუფლებლად;

ზ) წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება – მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმა არ შეასრულა სამხედრო პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნა გაჩერების შესახებ, შეიარაღებული დამნაშავის დასაკავებლად;

თ) სპეციალური საღებავი – დანაშაულის ჩამდენი პირის გამოსავლენად;

ი) სასამსახურო ძაღლი – მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დევნისას და დაკავებისას, დაკავებულის ან დაპატიმრებულის ბადრაგირებისას, პირზე ან/და სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის მოსაგერიებლად;

კ) სასამსახურო ცხენი – დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დევნისას და დაკავებისას, პატრულირებისას, მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად;

ლ) ელექტროშოკური მოწყობილობა – პირზე, სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად;

მ) შესაბოჭი ბადე – სამართალდამრღვევის დევნისას, შეიარაღებული თავდასხმის მოსაგერიებლად, თავდამსხმელის შესაპყრობად.

5. სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს, პროკურორსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ხოლო იმ შემთხვევაში როცა პირის დაზიანების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის, პროკურორისათვის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისათვის შეტყობინება შეუძლებელია, დაკავშირებულია განსაკუთრებულ სირთულეებთან ან ხელს შეუშლის დაკისრებული ფუნქციის შესრულებას, პირველივე შესაძლებლობისთანავე.

6. თუ სპეციალური საშუალება პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ გამოიყენება, ამის შესახებ ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა უნდა აცნობოს უშუალო ხელმძღვანელსა და პროკურორს.

7. სამხედრო პოლიციის განკარგულებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები