მოსახლეობას ვერ ვეუბნებით, როდის და რა ვაქცინა შემოგვაქვს და ვერც იმას ვამბობთ, რას ვაპირებთ მცირე ბიზნესთან მიმართებაში, - ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კახიშვილმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს, რომელიც პარლამენტში „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონს წარადგენს.
„დღეს მოვისმინეთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, სადაც ძირითადად საუბარია სკოლების გახსნის თარიღზე. ეს მისასალმებელია, მაგრამ საუბარი არ არის იმაზე, თუ როდის გავხსნით მცირე და საშუალო ბიზნესს. ეს არ არის ჩემი აკვიატება, ქვეყნის სტაბილურობა სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის ეფექტურობაზეა დამოკიდებული.
ინფექციონისტებისგან გვესმის, რომ პირბადეების ტარების საკითხი ქვეყანაში პრობლემაა, ხომ არ ჯობია, სანქციები გავამკაცროთ პირბადეების ტარებასა და სხვა რეგულაციების შესრულებაზე, და გავხსნათ ბიზნესები? ფაქტობრივად, მოსახლეობას ვერაფერს ვთავაზობთ. ვერ ვეუბებით რა ვაქცინა ჩამოგვაქვს და როდის და ვერც იმას ვეუბნებით, რას ვაპირებთ მცირე ბიზნესთან მიმართებაში“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
დიმიტრი ხუნდაძემ შეკითხვის საპასუხოდ თქვა, რომ ნაჩქარევი, მოუმზადებელი და არათანმიმდევრული გადაწყვეტილებები შედეგად იმას მოიტანს, რომ შემდეგ შეიძლება უფრო გრძელვადიანი ჩაკეტვა გახდეს საჭირო.
„მესმის სიმძიმე ბიზნესების მდგომარეობის, მაგრამ სახელმწიფო თანმიმდევრულად მართავს პროცესს, ის იწყება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვით“, - აღნიშნა ხუნდაძემ.