მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ, „ლუკა პოლარე“ ახალ ფილიალს ხსნის

5eef306f7ce76
ვიქტორია მღებრიშვილი
21.06.20 16:55
3848
22 ივნისს, „ლუკა პოლარე“, საქართველოს მასშტაბით, რიგით მე-18 ფილიალს გახნის - ამის შესახებ BM.GE-ის ჯელატოს ნაყინის ქართული მწარმოებელი კომპანიის დირექტორმა თეა თაბაგარმა განუცხადა.

„ლუკა პოლარეს“ ხელმძღვანელის თქმით, COVID-19-მა კომპანიის მასშტაბური გეგმები დროებით შეაჩერა, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე განვითარება გრძელდება.

მისივე თქმით, ახალი ფილიალი თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრის შენობაში განთავსდება.

„მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენს სამოქმედო სტრატეგიაზე დიდი გავლენა მოახდინა და მასშტაბური გეგმების დროებით შეჩერება ან ნელი ტემპებით გაგრძელება გვიწევს, თუმცა ამ რთული პერიოდის განმავლობაში არ შეგვიწყვეტია საქართველოს ბაზარზე ოპერირება, სწრაფად გადავეწყვეთ ახალ რეალობაზე და სწორედ ეს სწრაფი ადაპტაცია გვაძლევს საშუალებას განვითარების ციკლი არ შევაჩეროთ. მე-18 ფილიალზე მუშაობა პანდემიამდე დავიწყეთ და ამ რთულ პერიოდში შევძელით პროექტის დასრულება. მოხარულები ვართ, რომ მცირედით გავზრდით დასაქმებულთა რიცხვს და ამასთანავე, ახალი ლოკაციით გავახარებთ ერთგულ მომხმარებლებს“, - აცხადებს თეა თაბაგარი.

მისივე თქმით, ამ დროისთვის კომპანია 150 ადამიანს ასაქმებს, თუმცა ეს რიცხვი გასულ წელს ამ პერიოდისთვის გაცილებით დიდი იყო.

აღსანიშნავია, რომ „ლუკა პოლარე“ 2020 წლის განმავლობაში ქართული წარმოების ჯელატოს ნაყინის ფრანშიზის ქვეყნის გარეთ გატანასა და ამასთან წარმოების გაფართოვებას და ახალი საწარმოს მშენებლობის დაწყვებას გეგმავდა.

ცნობისთვის: „ლუკა პოლარე“ კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 60-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 12 წელია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს და ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით, 3 ქალაქშია წარმოდგენილი, თბილისში 13 ფილიალით, ბათუმში - 4 და ქობულეთში - 1.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები