Starring Georgia-ს ფარგლებში 31 აგვისტოს თბილისში დაგეგმილი Imagine Dragons-ის კონცერტის ბილეთები 11 მაისიდან გაიყიდება.
როგორც Facebook-ზე შექმნილი ღონისძიების გვერდზეა აღნიშნული, მსურველებს ბილეთების შეძენა ხვალ, 12:00 საათიდან, ვებგვერდზე TKT.GE-ზე შეეძლებათ. ფასების შესახებ ოფიციალურად ჯერ ცნობილი არ არის.
აღსანიშნია, რომ 31 აგვისტოს Starring Georgia-ს ფარგლებში საქართველოს თანამედროვეობის ერთ-ერთი წარმატებული ბენდი Imagine Dragons კონცერტს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე გამართავს. კონცერტი 31 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება, კარი კი 17:00 საათიდან გაიღება.
„მილიონობით გაყიდული ალბომების და მასშტაბური საკონცერტო ტურნეების დამსახურებით ლას ვეგასში დაფუძნებული ბენდი თავისი მუსიკალური ისტორიის წერას დღესაც წარმატებით განაგრძობს. ალბომ Mercury-ის ტურნე, რომლის ფარგლებშიც ბენდი საქართველოში გამართავს კონცერტს ყველა იმ ჰიტს აერთიანებს, რომლის დამსახურებითაც Imagine Dragons ნამდვილი სუპერსტარების ჯგუფი გახდა, ყველა თავისი მახასიათებლით“, - აღნიშნულია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
უნდა ითქვას, რომ Imagine Dragons ოფიციალურ ვებგვერდზე გაწერილ ტურნეში საქართველო ჯერ მონიშნული არ არის.
ცნობისთვის: გასული წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ მთავრობა 2023 წლის ზაფხულში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას განიხილავდა. 28 ნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მომდევნო ორ წელიწადში სტადიონებსა და „ბლექ სი არენაზე“ მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტების გასამართად მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს გამოყოფდა. Starring Georgia 2 წლიანი კამპანიაა, რომლის ფარგლებში საქართველო და შეკვეთილი მსოფლიოში ცნობით მუსიკოსებს უმასპინძლებს. დღეისთვის უკვე ცნობილია თუ ვისი კონცერტები გაიმართება აგვისტოში. ესენი არიან: The Killers, Nile Rodgers & Chic, FKJ, Damian Lazarus, All Day I Dream, Imagine Dragons.
The Killers-ის კონცერტზე ბილეთების გაყიდვა ჯერ კიდევ აპრილში BSA.GE-ზე დაიწყო. ბილეთების ღირებულება სექტორების მიხედვით 150-დან 500 ლარამდე იცვლება.