ხვალიდან, დიდ დიღომში „გუდვილის“ მიმდებარედ სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია იწყება. პროექტის ღირებულება 1.2 მლნ ლარია. ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
კახა კალაძემ განაცხადა, რომ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მირიან მეფის ქუჩაზე, საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება.
„საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია იწყება. აქ ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს და განსაკუთრებით უხვი ნალექის დროს სანიაღვრე ქსელი, ფაქტობრივად, ვერ ატარებს მოსულ ნალექს და დატბორვა ხდება, ამ პირობებში მანქანით გადაადგილებაც შეუძლებელია. ეს დიდი პრობლემაა. სანიაღვრე ქსელი მწყობრიდან გამოსულია. პროექტის ფარგლებში 350 მეტრზე ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, რაც წვიმის შემთხვევაში წყლის დატბორვის პრობლემას მოგვიხსნის.
დაგეგმილი სამუშაოების გამო მირიან მეფის ქუჩაზე, ხვალიდან, საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება, ხოლო მომდევნო პერიოდში შეზღუდვები ეტაპობრივად სხვადასხვა მონაკვეთში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მოსახლოებას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში მოუხადა და აღნიშნა: „ყველა ვთანხმდებით, რომ პროექტის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია, რათა იგივე პრობლემები არ მივიღოთ, რაც ბოლო თვეების განმავლობაში უხვი ნალექის დროს ხდებოდა. პროექტის განხორციელება, დაახლოებით, 1.2 მლნ ლარი ჯდება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პრობლემა მოიხსნას“.
თბილისის მერის თქმით, ანალოგიური პრობლემები სხვა ქუჩებზეც არსებობს და ეს საკითხი განსაკუთრებით „დიღმის დაჩებს“ ეხება, სადაც ძლიერი წვიმების დროს უხვი ნალექი მოსახლეობას სახლებში უვარდებათ. "ამ საკითხის გადაჭრაზე დედაქალაქის მერიაში მუშაობენ", - დასძინა მან.




























