მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყადაღა, ინკასო - რა შეიძლება ფინანსთა სამინისტრომ დავალიანების მქონე TV-ების მიმართ გამოიყენოს

5e00b54289c4e
შოთა ტყეშელაშვილი
23.12.19 16:37
4792
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ტელეკომპანიებს "იმედს", "მაესტროს" და "რუსთავი 2-ს" სახელმწიფოს წინაშე 55 მილიონზე დიდი დავალიანება მართებთ. დღეს ფინანსთა სამინისტრომ ტელევიზიების დავალიანებასთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ტელევიზიები დაგროვილ ვალთან ერთად არც მიმდინარე ვალს არ იხდიან.  

"საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ მიმდინარე დავალიანება, კიდევ ერთხელ აფრთხილებს და ერთი დღის ვადას აძლევს, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაფარონ,"- ნათქვამია განცხადებაში. 

ამასთანავე, სამინისტრო აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ის იძულებული იქნება იმოქმედოს იმ ნორმებით, რომლებიც საქართველოს საგადასახადო კოდექსში არის განსაზღვრული. 

კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამინისტროს ტელევიზიების მიმართ შემდეგი იძულებითი ღონისძიებების გამოყენება შეუძლია:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

"ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჯერ კიდევ 2019 წლის 14 აგვისტოს, საჯარო განცხადებით მიმართა ტელემაუწყებლებს, წლების განმავლობაში დაგროვილი საგადასახდო დავალიანების შესახებ, წარმოედგინათ ვალის რესტრუქტურიზაციაზე წინადადებები და ასევე, დაეწყოთ მიმდინარე დავალიანებების გადახდა. 

ვალის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და ტელემაუწყებლებს შორის ამ დრომდე გრძელდება შეთანხმების პროცესი, რაც შეეხება მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებებს, ტელევიზიებმა არ მოახდინეს მათი გადახდა, რის გამოც, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იძულებულია განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები. 

ფინანსთა სამინისტრო აცნობიერებს, რომ მედიასაშუალებებს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში და სწორედ ამიტომ, სახელმწიფო მაქსიმალურად ითვალისწინებდა მათ ინტერესებს, რისი დასტურიც არის წლების განმავლობაში დაგროვილ საგადასახადო დავალიანებებზე გაწეული შეღავათები და მათი გადახდის გრაფიკზე ამ დრომდე მიმდინარე მოლაპარაკებები. ამასთან, საგადასახადო ორგანო არაა ვალდებული, საჯარო გაფრთხილება მისცეს გადამხდელს საგადასახადო კოდექსით არსებული ღონისძიებების შესახებ და ფინანსთა სამინისტროს ეს განცხადებაც სწორედ ტელემაუწყებლების ინტერესების გათვალისწინებას ემსახურება. 

ამავე დროს, მედიასაშუალებების მიმართ გაწეული ამგვარი შეღავათი, ქმნის არაკონკურენტულ გარემოს, არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა გადამხდელებს, რომლებიც კეთილსინდისიერად იხდიან, როგორც მიმდინარე გადასახადებს, ისე ძველ დავალიანებებს. 

სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ყველა გადამხდელის ინტერესები, ამასთან ერთად, ეფექტურად მართოს საჯარო ფინანსები, რაც ნიშნავს იმას, რომ გადასახადის გადამხდელების მიერ გადახდილი თანხები უნდა მოხმარდეს თითოეულ მოქალაქეს, სახელმწიფოს როგორც სოციალური, ისე სხვა მნიშვნელოვანი ვალდებულებების შესასრულებლად", - ნათქვამია განცხადებაში. 

ტელეკომპანიები – "იმედი", "მაესტრო" და "რუსთავი 2" 2016 წლის შემდგომ გადასახადებს არ იხდიან. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, "იმედს" ბიუჯეტის წინაშე 19 მილიონი ლარი, "მაესტროს" 8 მილიონი ლარი, "რუსთავი 2"-ს კი 28 მილიონი ლარი მართებს. ჯამში ვალი 55 მილიონს შეადგენს. 

2019 წლის 28 ნოემბერს პარლამენტის წინაშე გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თქვა, რომ თუ სახელმწიფო ამ თანხის სრულად ამოღებას გადაწყვეტს, "მაშინ ეს ტელეკომპანიები დაიხურებიან."

მაჭავარიანი აცხადებს, რომ ამის მიუხედავად, მას 2019 წლის ბოლომდე მოლაპარაკებათა წარმატებით დასრულების იმედი აქვს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები